რუსეთის არმია 2024 წელს შეტევაზე გადასასვლელად ემზადება, საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს

უკვე შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა ვერ დაამარცხებს რუსეთს ბრძოლის ველზე. აქ არის მხოლოდ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შედეგის გარდაუვალობაზე.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ინდუსტრია სწრაფად ზრდის პროდუქციას: 2023 წელს წარმოების მაჩვენებლების ზრდა, კერძოდ, ასე გამოიყურება:

– ჯავშანტექნიკა 4-ჯერ (ტანკები 7-ჯერ);

– საბრძოლო მასალა 12-ჯერ (გარკვეული ტიპებისთვის 20-ჯერ);

– უპილოტო საფრენი აპარატები 16-ჯერ (“Орлан-10” და “Орлан-30” 50-ჯერ).

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობის ზრდა: 2023 წელს თავდაცვისთვის გამოიყო 6,4 ტრილიონი რუბლი, ხოლო 2024 წლისთვის დაგეგმილია 10,77 ტრილიონ რუბლზე მეტი. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე; 2021 წელს – 3,57 ტრილიონი რუბლი. როგორც ჩანს, სამხედრო წარმოების ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება.

ასეთი ხარჯები მიანიშნებს 2024 წლის შესაძლო მობილიზაციაზე, რომელიც რამდენჯერმე უფრო მრავალრიცხოვანი იქნება, ვიდრე ეს 2022 წლის შემოდგომაზე იყო. ახალი მობილიზაცია საშუალებას მისცემს რუსეთის არმიას, მოახდინოს სამხედრო პერსონალის როტაცია, დანაკარგების შევსება, ახალი შენაერთების ჩამოყალიბება და, შედეგად, ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციისთვის მომზადება.

სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მოხალისეთა ნაკადმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციის მაჩვენებლებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევმა განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან 1 დეკემბრამდე 452 ათასზე მეტმა რუსმა გააფორმა კონტრაქტები. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული არმია თვეში 20 ათასი კაცით ივსება (დაახლოებით 220 ათასი ადამიანი მითითებულ პერიოდში).

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია მოხალისეებზე. არც ერთი სამხედრო კომისარიატი არ აწყობს რეიდებს და ძალით არ მიერეკება სამხედრო ვალდებულ პირებს. ახლა კი ისმის კითხვა: უკრაინის ჯარში რამდენი მოქალაქე მიდის ნებაყოფლობით, ყოველთვიურად?

Bloomberg-ის ცნობით, იქ მდებარე არტილერიის 60% და ჯავშანტექნიკის 40% გაქრა რუსული სამხედრო ტექნიკის შესანახი ბაზებიდან. სინამდვილეში, არაფერი არ გაქრა –  რუსული სარდლობა, სავარაუდოდ, აყალიბებს ახალ დამრტყმელ დაჯგუფებას და აღნიშნული ტექნიკაც შესაბამისი დისლოკაციის ადგილებზე გადავიდა, მათ შორის, ფრონტთან ახლოს.  ეს დამრტყმელი მუშტი კიდევ იტყვის თავის სათქმელს.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან. დასავლეთის სანქციების პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ „ნაძირალა ქვეყნებად“ გამოცხადებული სახელმწიფოები რეალურად რუსეთთან დააახლოვეს.  მათი ჯარების საარტილერიო სისტემები ემთხვევა რუსულს. მოსკოვის დაბალანსებულმა, ორმხრივად მომგებიანმა საგარეო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე ესარგებლა ფხენიანისა და თეირანის საბრძოლო მარაგებით. ირანელი სპეციალისტების მონაწილეობით შემუშავებულ იაფ და ეფექტურ “გერანიებზე” ხომ საუბარიც ზედმეტია.

როგორ უპასუხეს უკრაინამ და დასავლეთმა ყოველივე ზემოთქმულს?

პირველი, რაც მახსენდება, არის უკრაინის სახელმწიფო ვალის ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით მან 134 მილიარდ დოლარს მიაღწია, წლის ბოლომდე კი 173 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

უკრაინა მთლიანად გარე სესხებზე გახდა დამოკიდებული. უკრაინის მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტი 84,9 მილიარდი დოლარის ოდენობით დაამტკიცა, ხოლო საკუთარი შემოსავლები მხოლოდ 42,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 42,3 მილიარდი დოლარის დეფიციტის დაფარვა საგარეო სესხებით იგეგმება. ანუ, ქვეყნის ბიუჯეტი ნახევრად არის დამოკიდებული დასავლელი „პარტნიორების“ კეთილგანწყობაზე. აღმოსავლეთში სამრეწველო ტერიტორიების და სამხრეთ-აღმოსავლეთში სასოფლო-სამეურნეო მიწების დაკარგვის გათვალისწინებით, გაუგებარია, როგორ უნდა დაფაროს უკრაინამ არსებული და მომავალი სესხები.

დასავლეთის უუნარობა, დააკმაყოფილოს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები, საჯაროდ აღიარა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გერმანულ ARD-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებს არ შეუძლიათ უკრაინისთვის იარაღის წარმოების გაფართოება. ხოლო ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხოსეპ ბორელმა 13 ნოემბერს აღიარა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს 2024 წლის მარტამდე არ ექნებათ დრო, რომ კიევს 1 მილიონი ჭურვი მიაწოდონ.

ექსპერტს არ სჭირდება იმის გაგება, რომ დასავლეთმა უკრაინა ჩაითრია რთულ ომში, რომლის მოგებაც არ ძალუძს. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: “სად გაჩერდება რუსული არმია?” თუ გავიხსენებთ რამზან კადიროვის ბოლო განცხადებებს: „პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ოდესა და ხარკოვი“ და ვლადიმირ სალდო: „ყველას გადაწყვეტილი აქვს დააბრუნოს ხერსონი… შემდეგი იქნება ნიკოლაევი, ოდესა და იზმაილი“. ამ ტერიტორიებს რუსეთი უკვე განიხილავს, როგორც პერსპექტიულ მიმართულებებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ტენდენცია ძალიან მარტივია: 2014 წლიდან 2021 წლამდე მოსკოვი ითხოვს ფართო ავტონომიას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისთვის, უკრაინის ფარგლებში. დასავლეთის მხარდაჭერითა და ზეწოლით უკრაინულმა მხარემ ამაზე უარი თქვა. 2022 წლის მარტში მოსკოვი მზად იყო, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებისა და დსრ-ისა და ლსრ-ის დამოუკიდებლობის პირობით. მაშინდელი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ჩაფრინდა კიევში და განაცხადა, რომ კიევმა “უნდა იბრძოლოს”. შედეგად კიდევ ოთხი რეგიონი დაიკარგა.

ზემოთ მოყვანილი თეზისები მშვენივრად ჯდება ამაში. კიევი კი აცხადებს, რომ აპირებს უშედეგო ომის გაგრძელებას დასავლეთის დახმარების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

 

მიხაილ იერიომინი, “ნიუსფრონტი”