რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა თითქმის მთლიანად შეწყვიტეს აშშ დოლარის გამოყენება ორმხრივ ვაჭრობაში. ამ კვირაში ჩინელ და რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე მიშუსტინმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის 90 პროცენტზე მეტი რუსული რუბლით ან ჩინური იუანით წარმოებს. ეს აჩვენებს “ეკონომიკური ურთიერთობების თითქმის სრულ დედოლარიზაციას”, – აღნიშნა რუსეთის პრემიერმა, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС.
რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა ასევე გაიზარდა წელს, რადგან დასავლეთის სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა ჩინეთზე უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ხდება. მიშუსტინის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის მთლიანი ტრანზაქციები წელს რეკორდულ 181 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
იმავდროულად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობა ბოლო 30-წლიან მინიმუმამდე დაეცა.
იუანის წილი მსოფლიო ვაჭრობაში იზრდება
ამავდროულად, პეკინმა მიაღწია გარკვეულ წარმატებას იუანის ინტერნაციონალიზაციის მცდელობაში.
ჩინური ვალუტის წილი გლობალურ გადახდებში გაიზარდა 1,9 პროცენტიდან იანვარში 3,6 პროცენტამდე ოქტომბერში. გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო ბანკმა გააფორმა ორმხრივი ვალუტის სვოპები 30-ზე მეტ ცენტრალურ ბანკთან, მათ შორის, საუდის არაბეთთან და არგენტინასთან.
ეს ტენდენციები ასახავს რუსეთის, ჩინეთის და BRICS-ის სხვა ქვეყნების მზარდ სურვილს, მოახდინონ თავიანთი ეკონომიკების დედოლარიზაცია. ზოგიერთი შიშობს, რომ ბლოკმა, შესაძლოა, საკუთარი ვალუტა გამოუშვას დოლართან კონკურენციის მიზნით.
თუმცა მსოფლიო ბაზარზე აშშ დოლარის მნიშვნელობის კლების ტენდენციის მიუხედავად, დოლარი მაინც დომინირებს ფინანსურ ბაზრებზე, სადაც 2022 წელს დოლარი შეადგენდა ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვების 54 პროცენტს და გლობალურ ვაჭრობის 88 პროცენტს.