სერბეთის პრემიერი: ბელგრადში საპროტესტო აქციებზე შესაძლო ინციდენტების შესახებ ინფორმაცია სერბეთს რუსეთის დაზვერვამ მიაწოდა, მაგრამ დასავლეთმა დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვადანაშაულა და თქვა, რომ ეს სისულელეა

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა სერბეთის ხელისუფლებას მიაწოდეს ინფორმაცია ბელგრადში საპროტესტო აქციებზე შესაძლო ინციდენტების შესახებ.

ბრნაბიჩი ირწმუნება, რომ იგი პირადად დაუკავშირდა დასავლელ დიპლომატებს, რათა ეცნობებინა მათ რუსეთის დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესახებ.

„ეს ინფორმაცია მოგვაწოდა რუსეთის დაზვერვის სამსახურმა, მაგრამ დასავლეთმა დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვადანაშაულა და თქვა, რომ ეს სისულელეა“, – თქვა სერბეთის პრემიერმა.

ბრნაბიჩმა ასევე შეადარა ბელგრადის მოვლენები უკრაინის „ღირსების რევოლუციას“ და თქვა, რომ სერბეთში „ახალი მაიდანი არ იქნება“.

ინფორმაციისთვის, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მომიტინგეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციამ აქციის მონაწილეები წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა.

სერბეთში საპროტესტო აქციები 17 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მაგრამ ეს სახელმწიფო შენობაში შეჭრის პირველი მცდელობაა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ შეტაკების შედეგად დაიჭრა ორი პოლიციელი. მერიაზე თავდასხმის 35-ზე მეტი მონაწილე დაკავებულია.