ნათია მერებაშვილი – საინფორმაციო კამპანიამ ნაფიცმსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის  მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„2015 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მუდმივად ხორციელდება ღონისძიებები, რომელთა მიზანია პროკურორებში ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება,  გამკლავება და ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროკურატურის რეგიონული დანაყოფების პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი ნაფიცმსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე.

ნათია მერებაშვილმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ამ მიმართულებით ღონისძიებები გრძელდება.

„მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის ცნობადობისა და საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლის მიზნით, გრძელდება საინფორმაციო კამპანია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ, რომელიც მოიცავს, მათ შორის, შეხვედრებს მოქალაქეთა სხვადასხვა სეგმენტთან, სტუდენტებთან და ასე შემდეგ. კამპანიამ, რომელიც დაიწყო 2021 წელს, უკვე გამოიღო გარკვეული შედეგი და ნაფიცმსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა და დროულობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული თბილისის საქალაქო სასამართლოში – გამოცხადებული მოქალაქეების რაოდენობა გასამმაგებულია“, – აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ  2023 წლის ცხრა თვეში 12 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რომელთაგან ცხრა განზრახ მკვლელობას ან/და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში; ერთი თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამამცირებელ მოპყრობას; ერთი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთი კი, ოჯახში ძალადობას შეეხებოდა. 12 საქმიდან 11 საქმეზე გამამტყუნებელი, ხოლო ოჯახში მომხდარი ძალადობის ერთ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.