თბილისში მკვლელობა მოხდა – სავარაუდო დამნაშავე, დაკავებულია

თბილისში 27 დეკემბრის ღამეს მკვლელობა მოხდა.

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მოგვიანებით, შსს-მ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გამოძიება ასევე მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა–ტარების მუხლით. გარდაცვლილს სწორედ ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.