2024 წლის დადგომამდე თითებზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა. ისე, როგორც ყოველივე თქვენგანი, თქვენი მონა-მორჩილიც თვალს ვავლებ განვლილ წელს, ვიხსენებ მის მიერ მოტანილ სიკეთეებს, სიმწარეს, ყოველივე სასურველს, სანატრელს და მასთან ერთად არასასიამოვნოს, ტკივილი რომ მოგვაყენა პირადად თქვენ, მე, ჩვეულებრივ ადამიანებს, ანუ ფიზიკურ პირებს, ასერიგად დამკვიდრებულს ჩვენს თანამედროვე ლექსიკაში.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებად დაგვყო თანამედროვე ცივილიზაციამ — ჩვენს მიერ თაყვანცემულმა, განდიდებულმა, მის „უზენაესობამდე“ აყვანილმა.
მაინც რამდენი სიბრძნეა ჩადებული ვითომ უბრალო სიტყვა „ფიზიკურ პირში“? რამდენი ადამიანის ტვინი იბრძოდა ამ ტერმინის გამოსაგონებლად. რამდენი უძილო ღამე გამოიარა მრავალმა ტვინმა ადამიანის დასამცირებელი ტერმინის გამოსაძებნად.
გესმის „ფიზიკური პირი“ — დაფუძნებული, უკვე დამკვიდრებული ტერმინი, თან ნებისმიერი ჩვენგანის მიერ შეთვისებული და არც კი ფიქრობ, რამდენად დაგვაკნინა ვიღაცის ტვინმა (ტვინებმა) ყველა ჩვენგანი, საკუთარი თავიც, თუმცა ამაზე არც უფიქრია — ვეღარ ჩაწვდა ყოველივეს ერთად.
„ფიზიკურმა პირმა“, ანუ კოლექტიურმა რიგითმა ადამიანმა, ნაკლები ჟივილ-ხივილით რომ ჩაათავა 2023 წელი, კმაყოფილები უნდა იყოთო — ბრძანებაშერეული ტონით გვეუბნებიან „იურიდიული პირები“.
მაინც რა „კეთილშობილები“, „ზრდილობიანები“ არიან ეს დალოცვილები, როდესაც ჩვენ გვაბრალებენ „უდიდეს გამარჯვებას“, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებას — ეს, არა მარტო ჩვენი (მმართველ პარტიას გულისხმობენ), არამედ ქართველი ხალხის დამსახურებაა უპირველეს ყოვლისაო.
„იურიდიულებმა“ შრომა დაგვიფასეს „ფიზიკურებს“, ანუ მომაკვდავებს, მაგრამ რა შრომა, ჩვენ რომ მსგავსი არ გაგვიწევია?!
მათ მიერ ჩვენი შრომის „დაფასება“ მაფიქრებინებს შავბნელი მომავლის წინასწარმეტყველებას — თუ ასეთ შავბნელს ექნა ადგილი, მაშინ „იურიდიულები“ თვალის დაუხამხამებლად იტყვიან — ჩვენ რა შუაში ვართ, ხალხმა გადაწყვიტა და იძულებული ვიყავით მისი შეკვეთა შეგვესრულებინაო.
„შეკვეთა/დაკვეთა“ — კიდევ ერთი სიტყვა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ფესვგადგმული, თანაც იმ დონეზე, ყველა ტექსტს რომ „უხდება“, განსაკუთრებით იმას, სადაც ხალხია მოხსენიებული. „ხალხის, ამომრჩევლის დაკვეთა შევასრულეთო“, — ამბობენ „იურიდიული ოცნებელები“.
თვით ხალხი, ღრმა ძილს მიცემული, აინუნშიც არ აგდებს მისი სახელის წაღმა-უკუღმა ტრიალს, ვინაიდან ხალხს, ანუ ყველას ეხება და არა პირადად „ფიზიკურ პირს“.
პასუხისმგებლობა აბსტრაქტულ სიტყვა „ხალხზე“ მოდის, რომელსაც ყველაფერს აჰკიდებ — კარგსაც და ცუდსაც. კარგს ნაკლებად, ვინაიდან მას, ანუ „კარგს“ ყველა დაიჩემებს. ყველა „იურიდიული პირი“. „ცუდზე“ არვინ მოიკლავს თავს. არვინ იტყვის — ჩემი ბრალიაო. და თუ არვინ აიღებს პასუხისმგებლობას ცუდზე, მას პატრონს იოლად (გამოუძებნიან — ხალხის სახით.
2023 წელი თუ რით იყო დასამახსოვრებელი — ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც შგახსენებთ — ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებასთან დაკავშირებული ლანძღვა-გინებით — ხელისუფლება-ოპოზიციას შორის გაჩაღებულით.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებაზე ლაყბობამ ყველა დანარჩენი ამბავი თუ მოვლენა, რასაც განვლილ წელს ჰქონდა ადგილი, იმ დონეზე დაჩრდილა, რომ არც კი გახსენდება.
კანდიდატობაზე ლაყბობამ რიგითებს, საკუთარი საქმეებიც დაგვავიწყა და ეკლესიაში სანთელიც დაგვანთებინა „ოცნების“ ოცნების ასრულებისთვის. სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ გამუდმებული პროპაგანდის დასასრულებლად.
ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ვიფიქრებდით, რომ კანდიდატობის თემაზე გნიასს, კანდიდატობის მიღების აღსანიშნავი უფრო მეტი გნიასი მოჰყვებოდა — შესაბამისი „საყოველთაო“ კონცერტით, უფრო მეტი ლაპარაკით იმ „ბედნიერებაზე“, რაც საქართველოს დამსახურებულად არგუნა ევროკავშირმა.
წინ არანაკლები ვერბალური ფაღარათი გველოდება — ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკების დაწყების სახით, რის შესახებაც უკვე დაიმღერა ოპოზიციამ — 9-პუნქტიანი დავალების შესრულებას დღეიდან უნდა შევუდგეთ, რათა 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკება ამ კავშირში გასაწევრებლადო.
ასე რომ, პატივცემულო მკითხველო, მომავალი წელიც ევროკავშირს მიეძღვნება, ანუ იქ შესვლას, თან იმ დონეზე, საპარლამენტო არჩევნების თემაც რომ გადაიფარება.
საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება რომ უხმაუროდ წარიმართოს, „ოცნების“ ოცნებაა, თუმცა ნაკლებად რეალური. ხელისუფლებას მოწყურებული ოპოზიცია დაუშვებს წყნარ ატმოსფეროს?
ვგონებ, კითხვა უადგილოა, ვინაიდან დაბალპროცენტიანი ოპოზიციის მიზანი ხმაური და აყალმაყალია, მღვრიე წყლის შექმნა — თევზების იოლად დასაჭერად. სხვისი თავი ოპოზიციას არ აქვს. ყველაზე ძლიერ ოპოზიციას, ნაცთა სახით, როდესაც მეორადი ტანსაცმელივით, მეორადი „პოლიტიკოსების“ — სააკაშვილის, მერაბიშვილის, კეზერაშვილის და სხვათა სახელები აკაშკაშებს, შედეგიც შესაფერისი იქნება, რაც თავისთავად „მღვრიე წყლის“ თემას წინა პლანზე წამოსწევს.
ევროკავშირში შესვლისთვის მოლაპარაკებების გამართვის თემა უდავოდ დაუპირისპირდება საპარლამენტო არჩევნების თემას და დაუპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის სახელით, მისი სისტემატური ხსენებით, განსაკუთრებით ისე, როგორც ზემოთ მოგახსენეთ — ქართველმა ხალხმა შეგვიკვეთა, ქართველი ხალხის შეკვეთას ვასრულებთ და ა.შ. ეს, ისეთი „შეკვეთა“ იქნება, როგორიც იყო 2023 წელს, კანდიდატობა რომ მოგვცეს.
წინა სტატიაში მოგახსენეთ „სიკეთეებზე“, რომლებსაც პირადად ველოდები კანდიდატის სტატუსის ამპლუაში, ისე, როგორც ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში.
სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობამ ნაკლებად ან საერთოდ არაფერი იცის ევროკავშირის შესახებ, აღარაფერს ვამბობ ნატოზე. არადა, თითქმის 30 წელია რაც ამ ორი კავშირის არსებობის თაობაზე გამუდმებით ისმის ელექტრონულ მედიაში, იწერება ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა არაფერს ამბობენ — რას წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები, რას მოუტანს საქართველოს ამ კავშირებში შესვლა, რამდენად ასრულებადია ვარაუდის დონეზე ნათქვამი — საქართველო მილიარდობით ევროს მიიღებს ევროკავშირში შესვლისთანავე.
მოსახლეობას ილუზიას უქმნიან, რომ ევროკავშირში შესვლის გადაწყვეტილების მიღებისთანავე მილიარდობით ევრო დაგვაცვივდება. და არა მარტო გაწევრების შემთხვევაში, არამედ კანდიდატობის სტატუსის მოცემისთანავე — ასე ბრძანა პარლამენტარმა გოცირიძემ, მეტსახელად „ალ კუპონემ“, განათლებით ეკონომისტმა და ნაცთა პარტიის სპიკერმა, მმართველი პარტიის პრესტიჟის დასაცემად.
მაშინ ნაცთა განცხადებით, „ოცნება“ — რუსული პარტია, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
გოცირიძის განცხადება, შემოდგომის დადგომისთანავე გაჟღერდა იმის იმედით, რომ ევროკავშირს დახარბებულ ქართველობას ბარიერად აღმართული მმართველი პარტია ხელისუფლებიდან დაეცურებინა და გზა გაეხსნა პროევროპული ნაცებისა და სხვა პარტიებისთვის.
არაფერი გამოუვიდათ. ინდიფერენტულმა მოსახლეობამ, გადაღლილმა უამრავი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, ყურიც არ ათხოვა გოცერიძეების შორს გამიზნულ ნათქვამს და გააგრძელა საღათას ძილი.
საზოგადოებას, ზოგიერთთა გამოკლებით, გულიც არ დაწყვეტია სამეულიდან — უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ორისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გოცერიძეს დაწყდა, ვინაიდან ამით საქართველომ მილიარდები დაკარგა და ამას ამბობდა ევროკავშირის საქმეებში, ანუ სამზარეულოში ჩაუხედავი ეკონომისტი.
მოდით, ვიკითხოთ — რა მიიღეს უკრაინა-მოლდოვამ?
არც არაფერი. უფრო მეტიც, 14 დეკემბერს, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი აღირსა, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყება არგუნა.
ვიდრე მთავარზე, ანუ ფინანსებზე გავამახვილებ ყურადღებას, გულწრფელად მოგახსენებთ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და სცდება თვით ევროკავშირის წესდებას, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისეთი ეკონომიკურად გავერანებული ქვეყნების ევროკავშირში მიღებას, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, განსაკუთრებით უკრაინა.
სულ ახლახანს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, ისე, როგორც ყოველთვის, კატეგორიული წინააღმდეგია უკრაინის ევროკავშირში მიღების. მან დაასახელა შემდეგი მიზეზები: ომი, რომელიც უკრაინაშია და არვინ იცის როდის დასრულდება, და რომ დასრულდება, რა საზღვრებში იქნება უკრაინა, რამდენი იქნება უკრაინის მოსახლეობა, ევროკავშირი უკრაინას 1991 წლის საზღვრებში მიიღებს თუ დღევანდელში, როდესაც მას აღარც ყირიმი აქვს, აღარც დონბასი და აღარც უკრაინის ადრე კუთვნილი ტერიტორიების ნაწილი. ყველა ისინი რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის შემადგენლობაშია.
ევროკავშირმა უკრაინის ფეხზე დასადგომად 200 მილიარდამდე ევრო უნდა დახარჯოს — თქვა ორბანმა და პირდაპირი კითხვაც დასვა — საიდან მოიტანს ევროკავშირი ამ ფულს?!
თუ ბრიუსელი ფინანსური საკითხის გადაჭრას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ჯიბეში ხელის ჩაყოფით შეეცდება, ყველა წევრი სახელმწიფოს გულისწყრომას ვერ ასცდება.
რაც შეეხება მოლდოვას. ის ბოლო დრომდე ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად იყო მიჩნეული, მაგრამ უკრაინის გაღატაკებამ, ბოლოდან, მეორე ადგილზე გაიყვანა. უკრაინა ბოლოა.
მაშ, რატომ იტკივებს აუტკივარ თავს ბრიუსელი, რატომ მიდის ის საკუთარი წესდების წინააღმდეგ?!
პასუხი მარტივია — რუსეთის ჯიბრზე და აშშ-ს დავალების გამო. ის, რომ ევროკავშირი უკრაინის გასაჯანსაღებლად 200 მილიარდ ევროს ვერ იშოვნის ცხადზე, უცხადესია. მან 50 მილიარდიც ვერ იშოვნა. ორბანმა დაადო ვეტო. და კიდევ კარგი, რომ დაადო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიუსელს წევრი-ქვეყნების ჯიბეებში ხელის ფათური დღესვე უნდა დაეწყო.
უკრაინა, ისეთი რთული პროექტია ევროატლანტიკური სივრცისთვის, რომელსაც გვერდს ევროკავშირიც რომ ვერ აუვლის. დღევანდელი ევროკავშირი ურსულა ფონ დერ ლაიენის, შარლ მიშელის, ჟოზეპ ბორელის, … აშშ-ს მორჩილი ყმებისა და არა გასული საუკუნის 50-იანი წლების, წმინდა ეკონომიკური კავშირის პოლიტიკოსების.
დღევანდელი ევროკავშირი უფრო მეტად პოლიტიკური ორგანიზაციაა, ვიდრე ეკონომიკური. ევროკავშირი არა მარტო აშშ-ს წინაშეა მუხლმოდრეკილი, არამედ ნატოს წინაშეც. მისი გადაწყვეტილება სრულად ეთანხმება ნატოს გადაწყვეტილებებს. ევროკავშირი ორგანული ტრამპლინია იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ნატოში შესვლა სურს. ევროკავშირში ყოფნასთან ერთად, ქვეყანა გადის გარკვეულ ტრენაჟს, რის შემდეგ ნატოში გაწევრება გაიოლებული პროცედურაა, ისეთი, როგორიც ფინეთმა გაიარა.
საბჭოთა კავშირისა და რუსეთისთვის ნეიტრალური სტატუსის მატარებელი ფინეთი იოლად გაწევრიანდა ევროკავშირში, რაც გასაკვირი არ არის. ჯერ საბჭოთა კავშირთან, შემდეგ რუსეთთან პრაგმატულმა ურთიერთობებმა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებამ, რუსული ენერგეტიკული შესაძლებლობების, ზედმიწევნით იაფის, გონივრულად გამოყენებამ, ფინეთი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის დაამკვიდრა. ასეთის, ევროკავშირის წევრობა ბრიუსელისთვის მისასალმებელი იყო.
ფინეთი, ის ქვეყანა იყო, რომელსაც ეხვეწებოდნენ ევროკავშირში შესვლას. ფინეთი ის ქვეყანაა, რომელიც ყოველგვარი შეფერხების გარეშე გახდა ნატოს წევრი. და რომ გამხდარიყო, ევროატლანტიკურ სივრცეს, ერთი დღეც არ ჩაუგდია ფინელთა ტვინების გადასაკეთებლად.
ფინეთის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ნატოში გაწევრების, ისე, როგორც აშშ-ი კატეგორიულად იღვწოდა ფინეთის ნატოში შესაყვანად. მრავალწლიანმა ანტირუსულმა კამპანიამ, კოლექტიური დასავლეთის მიერ წარმოებულმა, ფინელ ახალგაზრდებში შედეგი გამოიღო.
რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი ფინელი, უარყოფითად განაწყვეს და ბოლოს ნატოს კარამდე მიიყვანეს.
ფინეთს კარზე დაკაკუნებაც არ დასჭირებია, უცბათ გაუღეს კარი.
რას მოუტანს მას ნატოს წევრობა, ძნელი სავარაუდო არ არის — რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას; წინათ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მინიმუმამდე შეზღუდვას; ტურიზმისა და სხვა დარგების დეგრადაციას; შემოსავლების შემცირებას; ნათესაური კავშირების ენით აუწერელ გაუარესებას.
ნატოში შესვლისთანავე, ფინეთმა დახურა რუსეთთან არსებული 9 სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე, წლის განმავლობაში, მხოლოდ ფინეთის ერთ საკონსულოში, ქ. სანკტ-პეტერბურგში აფორმებდა ფინეთში შესასვლელ ვიზას, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ რაოდენობის ფინელის, შესაძლოა მეტის, შაბათ-კვირას სანკტ-პეტერბურგში დროის გასატარებლად რუსეთის ვიზის მიღებაზე ჰელსინკში, რუსეთის საკონსულო დაწესებულებაში.
რა მოიმიზეზა ფინეთმა?
რუსეთის გავლით ფინეთში სომალელების, სირიელების, იემენელების, სხვათა შესვლა.
ამ არგუმენტს არ ეთანხმება ჰელსინკის უნივერსიტეტის დოცენტი, პოლიტოლოგი იოჰან ბეკმანი. აი, რას ამბობს ის: „ფინეთის ტელეარხები სრული სერიოზულობით ეუბნებიან მაყურებლებს სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ აფრიკიდან ფინეთის საზღვრებთან გადმოყვანაზე, რათა ავნონ ფინეთს. შეშინებული ფინელები თანახმანი არიან საზღვრების დაკეტვაზე. ფინელი პოლიტიკოსები სისტემატურად აცხადებენ ფინეთ-რუსეთის მოსალოდნელ ომზე“.
„ფინეთი შევიდა ნატოში და შესვლის დღიდან საზღვრები ფინეთის კი არა, ნატოსია. ახლა ფინეთის საზღვრები რუსეთთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაა და არა ფინეთის. მასზე წესებს ვაშინგტონი აწესებს. ფინეთი თანმიმდევრულად ასრულებს აშშ-ნ დადებულ თავდაცვისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტიდან გამომდინარე, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა უკვე დაიწყეს აეროპორტ როვანიემის (Rovaniemen) ექსპლუატაცია. იმავე გზით ისინი დაიწყებენ სასაზღვრო ზონების გამოყენებას“.
პოლიტოლოგის განცხადებით, იმ ზონებში, სადაც სასაზღვრო გამშვები პუნქტები იყო, განთავსდება აშშ-ს სამხედრო ბაზები და ბიოლაბორატორიები. სამომავლოდ იგეგმება ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვით, აშშ-ს სამხედრო ბაზების მიერ დაკავებული ტერიტორიები გაიყიდება მათზე, სადაც შესაბამისად ამოქმედდება აშშ-ს კანონმდებლობა და არა ფინეთის.
„აი, ამას უკავშირდება საზღვრების დაკეტვა და არა ლტოლვილების მოზღვავებას“, — ამბობს ბეკმანი.
ანალოგიური პერსპექტივა ელის საქართველოს და მასთან ერთად იმ მოთხოვნების დაცვა, რაც დიდი ზარ-ზეიმით ჩაიწერა ჩვენს კონსტიტუციაში — საქართველოს გაწევრება ევროკავშირ-ნატოში.
ჩვენს კანონმდებლობაში დაფიქსირებული „ტოლერანტობა“ უდავოდ გამოიწვევს ქართველთა იძულებით სიყვარულს ლგბტ ორგანიზაციისადმი, მისი აღიარებისადმი, ისე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების, სქესის გადაკეთების და სხვა უამრავი სიმახინჯის, რომელიც უდავოდ ფართოდ გაიდგამს ფესვს ჩვენში, მიუხედავად ზოგიერთი ჩვენგანის პროტესტისა.
ევროპის ბევრი ქვეყანა აპროტესტებდა აშშ-ს ბრძანებას ლგბტ-ს და ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების შესახებ, მაგრამ ვერ გაუძლეს ზეწოლას და კანონების მიღებით დაეთანხმნენ ვაშინგტონის მოთხოვნებს.
ლგბტ-ობა, ვაშინგტონის მიერ გამოგონილი, ახალი იდეოლოგიაა, სავალდებულო ყველა ქვეყნისთვის. ვინ უწევს მას წინააღმდეგობას?
უპირველეს ყოვლისა რუსეთი, რომლის უზენაესმა სასამართლომ ლგბტ — როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია, აკრძალა.
ტყუილია, უსაფუძვლოა მტკიცება იმისა, რომ საქართველოს ამას ვერ გაუბედავენ. არათუ ვერ გაუბედავენ, თვით ქართველები შევეხვეწებით — გვინდა ყოველივე ევროპული, ცივილიზებულიო, გვინდა ევროპული ღირებულებებიო. რომ არ გვდომოდა, 2013 წელს არ მოვაწერდით ხელს ასოცირების ხელშეკრულებას — „შალახოს“ ცეკვასაც გადავურჩებოდით და მოსალოდნელ საფრთხეებსაც.
უკვე მერამდენედ ვსვამ კითხვას — იცის საქართველოს მოსახლეობამ რას მოაწერეს ხელი მისმა „რჩეულებმა“?. იცის იმან, ვინც ხელი მოაწერა 1500-გვერდიან, ინგლისურენოვან დოკუმენტს, რა წერია იქ? ან რომელ მათგანს აქვს წაკითხული და გაანალიზებული ინგლისურ ენაზე შეთხზული იურიდიული დოკუმენტი?
ცნობისთვის: მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში და დასრულდა 2013 წლის ივლისში. შეთანხმების პარაფირება მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. მას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში.
2013 წელმა, 2023 წლის 14 დეკემბრამდე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე მიგვიყვანა და გაწევრების მოლაპარაკების დაწყების სურვილით აგვანთო. ზოგ-ზოგები უკვე ხვდებიან რა ყულფში გაგვაყოფინეს თავი, მაგრამ გვიან ხომ არ არის?
ზოგიერთთა უკმაყოფილება, გამოხატული ევროკავშირის დროშის დაწვაში რატომღაც „ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას მაგონებს“ — არის ასეთი რუსული გამოთქმა. და რახან რუსეთი ვახსენე, იმასაც გეტყვით, ევროკავშირის მოთხოვნით ამ ქვეყანასთან არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სხვა ურთიერთობები არათუ შეიზღუდება, არამედ ნულამდე დაიწევს.
ნაცვლად, მოზღვავდება ევროკავშირული კვების პროდუქტები, მედიკამენტები, იქ ჩაწოლილი და აქ გასასაღებლად გამოგზავნილი — იქაურ ფასებში, რომელიც მიუწვდომელი იქნება ჩვენი ჯიბეებისთვის. თუმცა ეს რას დაგვაკლებს გაევროპელებულ, ამაყ ქართველებს?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი