გლობალიზმი ნატურალური პროდუქტების წინააღმდეგ – რეალობა და პერსპექტივები

„ტრადიციებთან და  ზნეობრივ ღირებულებებთან ერთად, ქართველებს საკუთარი უნიკალური კვების კულტურის დაცვაც მოგვიწევს, რადგან  კაცთმოძულე გლობალისტთა კასტა ისტორიულად ჩამოყალიბებულ კვების ტრადიციულ სისტემას უტევს. ამას ოსტატურად, ეკოლოგიაზე და ჯანმრთელობაზე  ზრუნვის  ნიღბით სჩადიან, თუმცა ეს ზრუნვა სინამდვილეში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული უბოროტესი გეგმის ნაწილია!“ – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ექიმმა, ფიზიოლოგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პროფესორმა თინათინ გოცაძემ:

– თურმე, კულტივირებული ფრინველის ხორცი გაზრდილია ლაბორატორიაში ქათმის უჯრედებიდან, რომლებიც სპეციალურ საკვებ არეშია განთავსებული. მედია წერდა, დახლებზე ეს პროდუქცია Good Meat  ბრენდით გამოჩნდება და ხელოვნური ხორცი სინგაპურის ტერიტორიაზე პრემიუმ-კლასის ქათმის ფასად გაიყიდებაო. სინგაპური პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა და  ლაბორატორიაში გაზრდილი ქათმების გაყიდვა დაუშვა. როდესაც სინგაპურმა ამერიკულ კომპანია Eat Just -ს საკუთარ ტერიტორიაზე ხელოვნური ქათმის გაყიდვის  ნებართვა მისცა, Reuters –მა უმალ  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის, ცხოველთა უფლებებისა და ეკოლოგიის გათვალისწინებით ალტერნატიულ ხორცზე  მოთხოვნილება იზრდება.

– ანუ, ასეთი ხორცის საწარმოებლად ფრინველის დაკვლა აუცილებელი აღარ იქნება?

– Tech Crunch-ი წერდა, რომ ხელოვნური ხორცის წარმოების პროცესში ფრინველებს ზარალი არ ადგებათ. კულტივაციისთვის უჯრედებს ბიოფსიით იღებენ და, გადააქვთ ბიორეაქტორში, რომელშიც  შეჰყავთ ცილების, ამინმჟავების, მინერალების, შაქრების, მარილებისა და სხვა საკვები ნივთიერებების დაპატენტებული ნარევი. როდესაც უჯრედები საკმაოდ მკვრივდება, მათ იღებენ, ანუ ხორცი მზადაა. Eat Just ირწმუნებოდა, რომ ანტიბიოტიკები ამ წარმოებაში არ გამოიყენება, ხოლო მიკრობიოლოგიური  შედგენილობით, კულტივირებული ქათმის ხორცი ჩვეულებრივ, ბუნებრივ ხორცზე სუფთააო. ამის მიუხედავად, უკვე არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური ხორცი საზიანოა როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის ორგანიზმისთვის,  კონკრეტულად – კიბოს გამომწვევია! მაგრამ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მაინც ყოველმხრივ უწყობს ხელს კიბოს გამომწვევი ხელოვნური  ხორცის წარმოება-დანერგვას. გარდა ამ მავნეობისა, ხელოვნური ხორცის წარმოების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ნარჩენების არნახული მატება. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ზიანი 25-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ვიდრე ტრადიციული მეურნეობით მიყენებული ზიანია. უკვე მთელი მექანიზმია ჩართული ამ ხელოვნური პროდუქტის წარმოება-დანერგვისათვის: მოსახლეობას აიძულებენ, დახოცოს შინაური ფრინველები და პირუტყვი, თან, მუდმივად შიმშილის საფრთხეებზე გვიყიჟინებენ. ნიდერლანდებში „კლიმატის კონტროლის“ მომიზეზებით უკვე დახურეს 3000 ფერმა; არგენტინაში ადგილობრივ მეფრინველეობის ფერმებში ფრინველის გრიპის მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევის გამო გაანადგურეს 200 ათასზე მეტი ქათამი და  500 ათასამდე ახალი კვერცხი!

 – მაგრამ, ხელოვნურმა მასამ როგორ უნდა ჩაანაცვლოს ბუნებრივი ხორცი, რომელიც არის უნიკალური და ადამიანის ორგანიზმისათვის შეუცვლელი საკვები?

– ნატურალური ხორცი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ და საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას. ის არის შეუცვლელი ამინმჟავების, ცხიმების, მინერალებისა და ექსტრაქტული ნივთიერებების (რომელიც ხორცსა და მის ნახარშს-ბულიონს ანიჭებს სპეციფიკურ სუნსა და გემოს) მნიშვნელოვანი წყარო. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს ნივთიერება   ხორცში  წარმოდგენილია ოპტიმალური რაოდენობრივი და ხარისხობრივი თანაფარდობით; თანაც, ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ხორცის ცილების ბიოლოგიური ღირებულება ბევრად აღემატება რძის კაზეინს. პროტეოლიზური ფერმენტების მიერ მონელების (გადამუშავების)  სიჩქარის მხრივ კი, ხორცის ცილებს მეორე ადგილი უკავიათ თევზისა და რძის ცილების შემდეგ. ხორცი არის რკინის ძირითადი წყარო და, ზოგადად, ამ პროდუქტის კვებითი ღირებულებასა თუ მარგებლობაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი.

სამხრეთ გერმანიის საბავშვო ბაღებსა და სასადილოებში ხორცი უკვე აკრძალეს. ეს გადაწყვეტილება ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ქალაქ ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს ადგილობრივმა საბჭომ მიიღო. ადრე მშობლებს შეეძლოთ აერჩიათ ხორცის, თევზის ან ვეგეტარიანული მენიუ ბავშვებისთვის, ახალი გადაწყვეტილებით დარჩება მხოლოდ ვეგეტარიანული საკვები.

„გლობალური კლიმატის კულტი“ ემზადება ტრადიციულ საკვებთან ომის დასაწყებად 13 ქვეყანაში, რომელთაგან  ბევრი მსხვილფეხა პირუტყვისა და ძირითადი საკვების მწარმოებელია. საუბარია ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მეთანის გაზის  ნარჩენების  შემცირებას, რასაც ცხოველები აფრქვევენ.

 – პლანეტის ეკოლოგიის გამოსწორებას მსხვილფეხა პირუტყვის შემცირებით აპირებენ?

– ექსპერტები უკვე ვარაუდობენ, რომ კაცობრიობა უახლოეს პერიოდში ხორცის გარეშე დარჩება. ამერიკელი პოლიტიკოსი-ჯონ კერი მხარს უჭერს ფერმერების წინააღმდეგ სანქციებს, რადგან მიაჩნია, რომ კერძო მცირე მეურნეობები აზოტის ნარჩენების მნიშვნელოვანი წყაროა და რომ აშშ-მ, გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად, სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში კანონები მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს.  ირლანდიაში 2000 ფერმერი აპროტესტებს ახალ წესებს, რაც გულისხმობს პირუტყვის რაოდენობის შემცირებას 1 მილიონზე მეტი სულით, რათა მიღწეულ იქნას Net Zero  მიზანი – აირთა გამონაბოლქვის შემცირების პროექტი!

ამასობაში მიღებულია საჰაერო გადასახადი, თუმცა, ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა  ოპერატიულად შეათანხმეს ტექსტები, დაამუშავეს CO2-ის ფასების სისტემის გაფართოების საკითხები, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ოჯახებსა და მცირე საოჯახო მწარმოებლებს ეხება. ახალი ზელანდია იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ფერმერებს დაუწესებს გადასახადს  ფერმაში მყოფი ცხოველების ბოყინის, შარდვის, ასევე, საჭმლის მონელების შედეგად გამოყოფილ გაზებზე. პარალელურად ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მწვანე შუქი აუნთო ბილ გეითსის ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის  გაყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანთა ორგანიზმში  “ტურბო კიბოს” იწვევს. სინთეზურ ხორცს დიდი რეკლამა და პოპულარიზაცია გაუწიეს ბილ გეითსმა და გლობალისტურმა ელიტამ  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, თითქოს, ე. წ. კლიმატის ცვლილების ერთადერთი გამოსავალი ამ პროდუქტშია. 

ესპანეთი ხდება მსოფლიოში უმსხვილესი ლაბორატორიული ხორცკომბინატის  სახლი.  ამ უდიდესი ლაბორატორიის  აშენება ბრაზილიური კომპანიის მიერ 2024 წელს იგეგმება. ეს ქარხანა ყოველწლიურად აწარმოებს 4000 ტონამდე ხელოვნურ ხორცს, რომელიც განკუთვნილი იქნება ევროკავშირის ბაზრისთვის.

 – გამოდის, მკაცრ დიეტაზე მოგვიწევს ყოფნა?

– 2030 წელს ჩვენ მოვიხმართ 40%-ით ნაკლებ საკვებს, რათა CO2-ის წმინდა ნულოვან ნიშნულს მივაღწიოთ. ცილებზე ჩვენი მოთხოვნილების ორი მესამედი შეივსება  სახლის მწერებით, როგორებიცაა ტარაკნები, ბუზები და ჭიები (მწერების საკვები ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროს მოგახსენებთ). დარჩენილ მესამედს შევივსებთ  სოიოს ცილებით, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური  ხორცითა და გადამუშავებული საკვებით.

თევზის მოყვარულებიც შემიძლია „გავახარო,“ ბაზარზე გამოვა 3D პრინტერზე დაბეჭდილი თევზი. კომპანია Stakeholder Foods-მა შეიმუშავა 3D-დაბეჭდილი ზღვის ქორჭილას ფილე ღეროვანი უჯრედებიდან, რომლებიც შემდეგ გადამუშავდება თევზის მსგავს ფორმაში ბიობეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით.  Umami Meats-თან  თანამშრომლობით შექმნილი პროდუქტი ბუნებრივი თევზის გემოსი და ტექსტურის  იქნება და შესაძლოა სუპერმარკეტების თაროებზე  2024 წელსვე გამოჩნდეს.

„უახლოეს თვეებში ჩვენ გამოვაცხადებთ ამ მსოფლიო დონის კულტივირებული თევზის ბაზარზე გამოტანის ჩვენეულ დასახულ გეგმას“, – აღნიშნა Umami Meats-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიჰირ პერშადმა გასულ კვირას, The Telegraph-ის   მეშვეობით ისრაელში გამართულ დეგუსტაციაზე. ისრაელის კომპანია მზად არის  ინდუსტრიული მასშტაბით სამგანზომილებიანი ხორცის ბეჭდვისთვისაც. დაახლოებით 110 გერმანული რესტორანი უკვე ყიდულობს „ხორცს,“  Redefine Meat-ისგან. Angus პრინტერს, რომელიც შემუშავებულია Redefine Meat-ის მიერ, შეუძლია სხვადასხვა სახის ხორცის წარმოება მცენარეული (!) ინგრედიენტებისგან. მას შეუძლია დღეში რამდენიმე ტონა პროდუქტის დაბეჭდვა. 3D ბეჭდვაში არ ჩამორჩება არც  ჰოლანდიის ფაბრიკა, ის  თვეში 500 ტონა სტეიკის ბეჭდვას გეგმავს. ერთი სიტყვით, დიდი არჩევანი იქნება!

– 500 ტონა 3D დაბეჭდილი ხელოვნური ხორცი?  წარმოდგენაც მიჭირს. ან, რა უნდა წარმოვიდგინო?

 – თანაც, ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია, ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი  საკვების ტარაკნებითა და ხელოვნური საკვებით ჩანაცვლებამდე.

ასე რომ, სანამ დროა, ვინეტაროთ ინდაურის საცივით, მაგრამ იმავდროულად ვიფიქროთ – როგორი ხორცის და რა გემოსი იქნება ხინკალი და მწვადი, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი საქართველოს რესტორნებში მოგვართმევენ!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”, tvalsazrisi.ge