რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RIA Novosti-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „უკრაინის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს სამართლიანი ანგარიშსწორება ელის“.
ლავროვის თქმით, რუსეთის სასამართლოებმა, საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებების 200-ზე მეტ წარმომადგენელს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
„იგივე ბედი ელის ყველა სხვა დამნაშავეს. თითოეული მათგანი მიიღებს სამართლიან ანგარიშსწორებას“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.
ლავროვის მტკიცებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაახლოებით 900 ადამიანის წინააღმდეგ 4000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„მათ შორის არიან არა მხოლოდ რადიკალური ნაციონალისტური გაერთიანებების წევრები, უკრაინის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და დაქირავებული ჯარისკაცები, არამედ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც“, – დასძინა ლავროვმა.