“რუსეთი არასოდეს დაიხევს უკან, არ არსებობს ძალა, რომელიც რუსებს გაყოფს”- ვლადიმირ პუტინის განცხადება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

პუტინმა თავის საახალწლო მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი მტკიცედ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და თავისუფლებას.

პუტინის თქმით, მთავარი, რაც რუსებს აერთიანებს, ეს არის სამშობლოს ბედი.

გარდა ამისა, როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, კრემლის ლიდერმა სამხედრო მოსამსახურეებს მიმართა, რომლებიც უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ.

„ჩვენი გული თქვენთანაა. ვამაყობთ თქვენით და აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ურთულესი ამოცანების გადაჭრა და არასდროს დავიხევთ უკან, რადგან არ არსებობს ძალა, რომელიც გაგვყოფს“, – აცხადებს პუტინი.

ამასთან, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არასოდეს დაიხევს უკან.

„რუსეთი არასოდეს დაიხევს უკან, არ არსებობს ძალა, რომელიც რუსებს გაყოფს და ქვეყნის განვითარებას შეაჩერებს. ჩვენ ვწყვეტთ რუსეთის ბედს, ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი და ჩვენ უზრუნველვყოფთ განვითარებას, ჩვენ ერთად ვართ“, – დასძინა პუტინმა.