სანამ აშშ-ის კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას არ დაამტკიცებს, ვაშინგტონი ვერ შეძლებს კიევისთვის დახმარების მიწოდებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა საჭირო იარაღი მიიღონ.
„იარაღის მიწოდება, ძალაუნებურად, შეწყდება. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების დახმარების ბოლო პაკეტს, რომლის შევსების უფლებაც გვქონდა. სულ ეს არის. ჩვენ გვჭირდება დამატებითი კანონმდებლობა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს კირბი.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო პაკეტი, რომელიც აშშ-მა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, უკრაინაში უახლოეს კვირებში უნდა ჩავიდეს.
„მაგრამ ამის შემდეგ, დამატებითი დაფინანსების გარეშე, არ არსებობს სხვა ჯადოსნური ქოთანი, საიდანაც რაიმეს ამოღება იქნება შესაძლებელი“, – დასძინა კირბიმ.