შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 7 იანვარს, ეკლესიაში ჩანარგილი ბოროტი თესლები გააქტიურდნენ. ილია ჭიღლაძე, რომელიც ცნობილია თავისი ანტიეკლესიური, მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელი პროვოკაციული განცხადებებით, კვლავ არხეინად აგრძელებს საეკლესიო ამბიონზე ქადაგებებს მაშინ, როდესაც უწესიერეს სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ცქიფურიშვილს შორენა თეთრუაშვილის და ანდრია ჯაღმაიძის საპატრიარქომ მღვდლობა შეუჩერა(!). და აი, ილია ჭიღლაძემ მორიგი პროვოკაცია გაავრცელა – თითქოს შობა დღეს, სამების ტაძარში, “სტალინის ხატი” შეიტანეს. ამ პროვოკაციას ნებით თუ უნებლიეთ აჰყვა ჩვენს მიერ უკვე ნახსენები საპატრიარქოს ფუნქციონერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ჭიღლაძის დეზინფორმაციას მეტი დეზინფორმაცია დაუმატა (ვისაც გაინტერესებთ დეკანოზი ჯაღმაიძის აზრები, ნახეთ ბმულზე აქ). მაგრამ ირკვევა, რომ არანაირი “სტალინის ხატი” არ არსებობს და საუბარია წმ. მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელიც სამების ტაძარს ბატონმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ თავად ბ-ნი დავითის განმარტებას, რომელიც მან ჭიღლაძე-ჯაღმაიძის ტანდემის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ გააკეთა (წყარო: გაზეთი “რეზონანსი“):
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც ერთ-ერთ ხატზე დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. დღეს გაირკვა, რომ ხატი ტაძარს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა, რომელმაც საგანგებო მიმართვა გაავრცელა:
“ნეტარი მატრონა არის სახელგანთქმული წმინდანი, რომელმაც უამრავი სასწაული აასრულა და ახლაც უამრავ სასწაულს ახდენს.
მისი ხატები არის ათონის მთაზე, იერუსალიმში, საბერძნეთში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სამების საკათედრო ტაძარში, არის წმინდა მატრონას, დედა მატრონას დიდი ხატი, რომელიც ნამდვილად მე შევწირე. ამ ხატზე არის გამოსახული დედა მატრონას ცხოვრების ფრაგმენტები – ერთ-ერთი ფრაგმენტი, ეს არის ფრაგმენტი როდესაც იოსებ სტალინი მივიდა დედა მატრონასთან. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ოფიციალური ბიოგრაფის მიერ, რომელიც თვითმხილველი იყო ამ მოვლენის. როდესაც ფაშიზმი მძლავრობდა და ფრონტზე იყო რთული ვითარება, იოსებ სტალინი, რომელიც ებრძოდა ეკლესიას, დევნიდა მართლმადიდებლობას, თავი დაიმდაბლა და მივიდა დედა მატრონასტთნ და დაინტერესდა ბრძოლის ბედით, ომის ბედით.
მატრონამ უთხრა, რომ ფაშიზმი დამარცხდება და მისცა რჩევა, ღვთისმშობლის ხატი გაეტანა. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ბიოგრაფიის დოკუმენტებში.
ხატი გაიტანეს, საბჭოთა კავშირმა იბრძოლა და გაიმარჯვა. მერე მეორე მსოფლიო ომი მოიგო. ძირითადი ქვეყანა რომელმაც გაიმარჯვა საბჭოთა კავშირი იყო. სხვათა შორის ქართველების წვლილი აქ იყო უზარმაზარი. 10% ჩვენი მამაკაცებისა დაიღუპა ამ ომში. ასე რომ, ეს ომი ჩვენი გამარჯვებაც არის.
ფრაგმენტი, რომელიც მატრონას ხატზე, გვიჩვენებს უბრალო რაღაცას, სტალინი, რომელსაც ღმერთის არ სწამდა, ღმერთს ებრძოდა, როცა გაუჭირდა, თავი დაიმდაბლა, საბჭოთა ხელისუფლებამ მისი სახით თავი დაიმდაბლა და მივიდა მატრონასთან. ანუ ფაქტობრივად ღმერთთან მივიდა. აი, ამას ასახავს და სხვა არაფერს და ვინმე ჭიღლაძე, რომელიც თავის თავს დეკანოზს ეძახის და ყოვლად უზნეო და გახრწნილი კაცია, ვინმე ჭიღლაძის დაწერილ ტექსტებზე არ შეიძლება პოლიტიკური ტექსტების აგება. მასე დიოკლეტიანეც არის გამოსახული წმინდა გიორგის ხატზე, დამარცხებული დიოკლეტიანე, ახლა რა ვქნათ, წმინდა გიორგი ხატებიც მოვხსნათ?! ფრესკა არის მოწამეთას მონასტერში, სადაც მწამებელი ხასიმი ბრძანდება ტახტზე და დავით და კონსტანტინეს აწამებს. რა ვქნათ, წავშალოთ ის ფრესკა?
100 000 მოწამის ხატია, სადაც ჯალათები ხმლებით დგანან დიდებულად წარმოჩენილები და ჩვენს წმინდა მოწამეებს თავებს კვეთენ, რა ვქნათ, ეს ხატები დავწვათ?
ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია და არც ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს. ერთადერთი მნიშვნელობა ის არის, რომ ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მეორე – დაიმდაბლა იმ ურწმუნო ხელისუფლებამ ღმერთის წინაშე თავი, მივიდა მატრონასთან რჩევისთვის. აი ამას გამოხატავს და ყველაფერი სხვა დანარჩენი არის სპეკულაცია”, – აცხადებს დავით თარხან-მოურავი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ცნობისთვის, ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა. (“რეზონანსი”).