“ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდება” – ბიძინას ძველი პროტეჟე ხუხაშვილი

ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდება და შესაძლოა უფრო მძიმე ფორმები მიიღოს. ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს. მან პრევენცია მოახდინა თავისი მომავალი პრობლემების.

მეორე მოტივი გახლავთ ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩამოყალიბდა გარკვეული ინტერეს ჯგუფები, რომლებმაც საკმაოდ დიდი ფული იშოვეს. მისი მართვის სისტემა მის მიმართ აბსოლუტურ მორჩილებაზეა დამოკიდებული. ტელეფონით რელიგიური მართვა, როცა უზენაესზე უნდა ილოცო და ყველაფერი მისი ნებით უნდა ხდებოდეს, ამ სისტემაში შეიქმნა გარკვეული პრობლემები.

ქართულ ეკლესიაში ყველა ეპისკოპოსი მაინცადა მაინც დიდი მორწმუნე არ არის, ჯიპებზე უფრო ფიქრობენ ვიდრე ღმერთზე. დაახლოებით იგივე ხდება ახლა ბიძინას კარზე. როგორც ჩანს, ივანიშვილის კარზე ვიღაცებმა მასზე ლოცვას თავი დაანაბეს და საკუთარი კეთილდღეობაზე დაიწყეს ზრუნვა. ივანიშვილს ეს არ აწყობს, კორუფციულმა სისტემამ უმართავი და ქაოსური ხასიათი შეიძინა.

შეიძლება ასეც ითქვას, ივანიშვილი „მობრუნდა“ „კორუფციული წესრიგის“ აღსადგენად. დისტანციური მართვა აღარ შველის, „ხელით მართვაა“ საჭირო. რუსეთში კორუფცია არის, მაგრამ ქაოსური ხასიათი არ აქვს. ივანიშვილს საქართველოში რუსული კორუფციული მოდელის დაბრუნება უნდა. ვიღაცები რომ ივანიშვილის გარეშე ფულს შოულობენ, ეს ბიძინას არ აწყობს.

მესამე მოტივი ის არის, რომ ივანიშვილმა დაინახა, რომ საქმე, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს, თუ „ქართული ოცნება“ მისი პირდაპირი მართვის გარეშე მოიგებს 2024 წლის არჩევნებს. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანებს, კიდევ უფრო მეტი ამბიციები გაუჩნდებათ და მან მათზე კონტროლი საერთოდ დაკარგოს.

ამ მოტივების გამო მან გადაწყვიტა თავად დაჯდეს პოლიტიკურ მაგიდასთან. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში უჭირდა, ტყუილია. „ქართული ოცნების“ რიტორიკა საერთოდ კომიკურია, რადგან მათი მტკიცებით, ივანიშვილი პოლიტიკაში იმის გამო დაბრუნდა, რომ ოპოზიციას არაფრის კეთება არ შეუძლია.

ივანიშვილი გაჰყვება დინებას და მოიქცევა ისე, რაც ამა თუ იმ ეტაპზე იქნება მისთვის მისაღები. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში, რა ვითარება იქნება იგივე არაბულ სამყაროში, უფროს სწორად ისრაელის ირგვლივ. მსოფლიო წესრიგში ვინ იმარჯვებს და ვინ დომინირებს იმაზე იქნება მორგებული.

საერთოდ, მგონია, რომ მცდარია შეფასებები და კლიშე, რაც ოპოზიციამ „მოიფიქრა“ და აცხადებს, რომ ივანიშვილი პუტინის მსახურია და რუსული ხელისუფლებაა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ყალბი მგონია ამგვარი მტკიცებები. ბიძინა პუტინის მსახური კი არ არის, არამედ, ეშინია პუტინის და იმიტომ იქცევა ისე, როგორც იქცევა. თუ პუტინი დასუსტდება, თქვენ გგონიათ, იგი მას არ გადააგდებს? ისე მშვენივრად გადააგდებს, როგორც დაგიბარებიათ.

 

(ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო საინტერესო მოსაზრებები ამოვკრიბეთ, “წყლის” გარეშე, გია ხუხაშვილის ინტერვიუდან – “ინტერპრესნიუსი“).