ფრანც ბეკენბაუერი – “კაიზერად” წოდებული, მიუნხენის საფეხბურთო კლუბ “ბავარიის” ლეგენდარული მოთამაშე, მსოფლიო ჩემპიონი, როგორც დას. გერმანიის ნაკრების კაპიტნის (1974 წ.), ისე მწვრთნელის (1990 წ.) რანგში, გარდაიცვალა. სამუდამოდ წავიდა მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა.
ბეკენბაუერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. ოჯახი არ აზუსტებს, რა იყო გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ოჯახის წევრები – მეუღლე და შვილები, იუწყებიან, რომ “კაიზერმა” გუშინ “მშვიდობიანად დაიძინა”.
ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის იყო. იგი განსაკუთრებული ფეხბურთელი, მაგრამ ასევე, გამორჩეული ადამიანი იყო, რომელიც უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში.
ოჯახს გერმანიის მთავრობის მეთაურმა, ოლაფ შოლცმა უკვე მიუსამძიმრა.
გერმანიის ფეხბურთის კორიფეები აღნიშნავენ, რომ ფრანც ბეკენბაუერი მთელი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. “მის დონემდე ვერავინ ვერასოდეს ავა” – აღნიშნავს “ბაიერნის” (“ბავარიის”) საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი.