ანჯეი დუდა – არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის, არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან

პოლონეთის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, მარიუშ კამინსკისა და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაჩეი ვასიკს თანაპარტიელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ღრმად ვარ შეძრული ამ სიტუაციით, ფაქტით, რომ ყოფილი მინისტრები მარიუშ კამინსკი და მაჩეი ვასიკი ციხეში მოათავსეს, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად და რომ ეს გაკეთდა ასეთი გულმოდგინებით და სისასტიკით. მინდა, ერთ რამეში დაგარწმუნოთ, არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის. არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან. არ შემეშინდება. ვიმოქმედებ სამართლიანად, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ანჯეი დუდას განმარტებით, საზოგადოების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური საქმეა.

„ბოლო თვეებში, კვირებსა და დღეებში მე ვიდექი იმ პოზიციაზე, რომ მინისტრები და მათი თანამოაზრეები 2015 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა შეიწყალა კონსტიტუციის სრული შესაბამისობით და რომ ეს შეწყალება ძალაშია, ეფექტურია და ამავდროულად, ეს მინისტრები დღეს არჩეული პარლამენტის წევრები არიან, ინარჩუნებენ მანდატებს და ამ მანდატის მოხსნის ნებისმიერი მცდელობა უკანონოა. ეს საქმე სადავო იყო თავიდანვე და საზოგადოების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური საქმეა“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გუშინ დაკავებულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა დაიწყო.

როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.