„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალური ქსელით საქართველოს საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებას ეხება.
„ნატა ფერაძის გამო თუ სხვა რამის გამო, ამის განხილვა სისულელეა და სპეკულაციაა: ფაქტია, გუშინ პროტესტი იყო და დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ. დროში დაემთხვა თუ პროტესტის უშუალო შედეგია, ვერც გავიგებთ და არცაა მნიშვნელოვანი. ფაქტია, სასურველი შედეგი დადგა“, – წერს ის.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.