“საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ საპატრიარქო არ არის მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანო” – გულბაათ რცხილაძე

“ხუცესი უნდა მამაცი, არ თუ ჯაბანი, მხრდალია.
ხუცეს[ს] არ ეთქმის: “ჭირშიგან ვერ შევალ, სარიდალია” (დავით გურამიშვილი).

ჯაბანი და მხდალი სასულიერო პირების ეპოქაში ვართ, თუმცა რას ვერჩით სასულიერო პირებს – გენიალური ქართული ანდაზაა: “რაც ერი, ის ბერი”! როცა ერია გამოთაყვანებული, დაჩლუნგებული, თავგზააბნეული, ძნელია, ელოდო, რომ ეკლესიაში საქმეები ბევრად უკეთ იქნება.

კონკრეტულად – ე. წ. საპატრიარქო, უკვე დიდი ხანია, სუს-ისა და “არასამთავრობო სექტორის” რაღაც შუალედურ კანტორად გადაიქცა. ანონიმური წერილები და განცხადებები, რომლებიც “საპატრიარქოს” სახელით ვრცელდება ქვეყანაში, ქმნის ყალბ განცდას, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის და მთლიანად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაა.

თუმცა, ვინაიდან ეკლესიის ერთადერთი ლეგიტიმური კოლექტიური ორგანო – წმ. სინოდი, ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით, სდუმს, ასევე სდუმან ცალკე აღებული ეპისკოპოსები, ეს დუმილი შიშნარევი თანხმობის ნიშანია.

და მაინც, უნდა ვთქვათ, რათა ხალხმა იცოდეს: საპატრიარქო არის ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანო და არა თავად ეკლესია. საპატრიარქო, თუკი იგი პირადად პატრიარქის პოზიციას არ აჟღერებს, არ არის უფლებამოსილი, გამოხატოს რაიმე პოზიცია და აკეთოს განცხადებები. ეს იქნება მხოლოდ შორენა თეთრუაშვილების და ანდრია ჯაღმაიძეების პირადი პოზიცია, ნაკარნახევი სუსიდან ან “არასამთავრობო სექტორიდან”, ან სულაც – პირადად ნატალია ფერაძისგან.

დღეს სწორედ ასეთ კლასიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სარგებლობენ რა, მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია მეორის უკიდურესად მძიმე ფიზიკური მდგომარეობით, მისი ადმინისტრაციის წევრები, “საპატრიარქოს” სახელით ავრცელებენ განცხადებას წმ. მატრონას ხატის შინაარსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ. 

ყველაზე უფრო უინტელექტო “ქოცი” ობივატელიც კი მიხვდება, რომ ეს განცხადება პოლიტიკური კონიუნქტურით არის გამოწვეული და არაფერი აქვს საერთო საეკლესიო კანონიკის დაცვასთან. თუკი წმ. სამების ტაძარში კარგა ხნის წინ დასვენებული წმ. მატრონას ხატი არაკანონიკურად იყო დაწერილი,  ამ გარემოებას თავიდანვე უნდა მიეპყრო ეკლესიის მესვეურთა ყურადღება, მათ შორის, საპატრიარქოს თანამშრომლებისა. მაგრამ, “ხარვეზები” ხატში მხოლოდ ნატალია ფერაძის ბოროტი ხულიგნობის შედეგად “აღმოჩნდა” – ანუ საპატრიარქო ნატალია ფერაძემ აიყოლია და სტალინის ხატზე გამოსახვის ფაქტი არაკანონიკურად მიიჩნია (მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა არაერთი განმარტება, რომ ხატი არის წმ. მატრონას ხატი და არა “სტალინის ხატი”, სტალინი, როგორც ისტორიული პერსონაჟია გამოსახული მასზე და არა როგორც წმინდანი). საბაბად საპატრიარქომ აიღო დეზინფორმაციული არასამთავრობო “ფაქტჩეკერების” მიერ “გაჩეკერებული” ვერდიქტი, რომ ორი ისტორიულად რეალური პიროვნების – სტალინისა და მატრონა მოსკოველის შეხვედრა არ არის “ვერიფიცირებული” ანუ ყველა სანდო წყაროთი დადასტურებული.

სამწუხაროა, რომ საპატრიარქო და, აქვე სინანულით აღვნიშნავ – ეკლესიის მესვეურებიც, არ იმჩნევენ ტაძრებში გამოფენილ სხვა დარღვევებს – მაგალითად, ერთი პოლიტიზებული, აწ უკვე მხცოვანი მღვდლის, ლიბერასტი ბექა მინდიაშვილის (არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობის” მესვეური) ბიძის, არჩილ მინდიაშვილის მიერ დაწერილი “შენ ხარ ვენახს”, რომელზეც მაცხოვარი არა მარჯვენა, არამედ მარცხენა ხელით აკურთხებს მრევლს. ეკლესიაში ყველა განსწავლულმა სასულიერო პირმა იცის, რომ მარცხენა ხელით კურთხევა არ არსებობს, მაგრამ ეს ხარვეზი ხატმწერმა შეგნებულად დაუშვა, რადგან მიაჩნია, რომ ქართველი ერი არ იმსახურებს მაცხოვრის კურთხევას. 1991 წელს იგი მიიჩნევდა, რომ საქართველოში რუსული ტაძრები არ უნდა არსებობდეს და პირდაპირ გამოყარა რუსი ეროვნების მრევლი თბილისის ერთ-ერთი ძველი ტაძრიდან.

ამას არ იმჩნევენ, როგორ თვითნებურად არის შებრუნებული თავად მაცხოვრის ხატი და იმჩნევენ სტალინის ეპიზოდურ გამოსახვას ერთადერთ ხატზე. თანაც როგორ! ამ დროს, რუსეთში ეს ხატი ნორმალურად აღიქმება და არავის დაუდია მისთვის წუნი. რუსეთი და საქართველო კი ერთმანეთისგან არ არის გაყოფილი, როდესაც საქმე მართლმადიდებლურ კანონიკას ეხება – რუსული და ქართული ეკლესიები ერთი დიდი, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ორი შემადგენელი ნაწილია.

მაგრამ საქართველოში, მათ შორის, საპატრიარქოშიც, ყველაფერი რუსოფობიის გარშემო ტრიალებს – სტალინი, ამათ გაგებით, ხომ რუსეთის იმპერიის მსახური იყო მხოლოდ, და არა საქართველოსი. შესაბამისად, სტალინი ამოსაშანთია არა მხოლოდ მატრონას ხატიდან, არამედ ჩვენი ისტორიიდანაც.

ასეთი ერი გარანტირებულად არის განწირული გადაშენებისთვის, თანაც სულ მალე, ახლო პერსპექტივაში. ევროკავშირში საქართველოს შესვლის ბევრი მოწინააღმდეგე ამბობს, რომ სანამ ჩვენ მიგვიღებენ, იქამდე ევროკავშირი აღარ იარსებებსო, მაგრამ მე ვფიქრობ, პირიქით – მისაღები აღარავინ იქნება, საქართველოს და ქართველების სახით. ჩვენ ევროკავშირზე ბევრად უფრო მალე შევწყვეტთ ჩვენს უბადრუკ არსებობას.

 

გულბაათ რცხილაძე

ამავე თემაზე:

მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ – საპატრიარქო

 

„ფაქტია, გუშინ პროტესტი იყო და …სასურველი შედეგი დადგა … დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ“ – ნიკა გვარამია საპატრიარქოს გადაწყვეტილებით კმაყოფილებას გამოხატავს

ირმა ინაშვილი – საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ