სომალიში „ბოევიკებმა“ გაეროს ვერტმფრენი ხელში ჩაიგდეს და ეკიპაჟის წევრი მოკლეს

სომალიში ისლამისტური დაჯგუფების წევრებმა გაეროს ვერტმფრენი ხელში ჩაიგდეს და მისი ეკიპაჟის ერთი წევრი მოკლეს. ტექნიკური პრობლემების გამო ვერტმფრენი იძულებული იყო სოფელში დაფრენილიყო, რომელსაც დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ წევრები აკონტროლებენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენში მყოფმა ორმა პირმა გაქცევა მოახერხა, ერთი კი გაქცევის მცდელობისას მოკლეს. კიდევ ექვსი ადამიანი „აშ-შაბაბმა“ მძევლად აიყვანა.

გაეროს ინფორმაციით, ვერტმფრენმა ქალაქ დუსამარებადან 70 კმ-ში ავარიული დაფრენა განახორციელა, რადგანაც მას ძრავის პრობლემა დაუფიქსირდა.

როგორც გაეროს პრესმდივანმა სტეფან დიუჟარიკმა ნიუ-იორკში განაცხადა, სიტუაციის დარეგულირებისთვის ყველა აუცილებელი ზომა იქნება მიღებული. ამჟამად გაეროს ყველა ფრენა ამ რეგიონში „მომდევნო შეტყობინებამდე“ შეჩერებულია.

ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ სომალის მთავრობის წინააღმდეგ 2006 წლიდან იბრძვის. ის ისლამური ქვეყნის შექმნას გეგმავს. ამჟამად „აშ-შაბაბი“ სომალის ნაწილს აკონტროლებს. ამ ტერიტორიაზე შარიათის კანონები მოქმედებს – ადამიანებს სიკვდილით სჯიან, აჭრიან კიდურებს და ამათრახებენ.