რუსეთის სიძულვილი ყველა ტელეკომპანიის, რადიოს ეთერიდან იღვრება, ამასთანავე დასავლეთისადმი დაუოკებელი თაყვანისცემა!

წინა სტატიაში გაკვრით აღვნიშნე თანამედროვე ქართველთა თაყვანისცემა ყველაფერი დასავლურისადმი, რასაც ხელს უწყობს ოპოზიციის მიერ „რუსულ ოცნებად“ შერაცხული ხელისუფლება, რომელსაც, როგორც ჩანს, არ აინტერესებს, რას გადასცემენ ეთერში უამრავი ქართული ელექტრონული მედიის წარმომადგენლები. ტელევიზია რომ პროპაგანდის მნიშვნელოვანი წყაროა, ხელისუფლებამ არ იცის. რომ იცოდეს, სხვაგვარად მოიქცეოდა. და თუ არ იქცევა, ჩანს, მას მოსწონს ტელე-რადიო ჟურნალისტთა ნაცოდვილარი; მოსწონს რადიო „მაესტროს“ ეთერში ჩეჩენი ტერორისტის ახმად ზაკაევის ინტერვიუები, უკრაინის ფაშისტური რეჟიმის „რუპორის“ – პოდოლიაკის ყოველკვირეული ანტირუსული განცხადებები, უკრაინაში ‘მეომარი’ მამულაშვილის მიერ მოწოდებული „საგმირო“ ზღაპრები.

ამ და სხვა გადაცემებს ჟურნალისტი ჭითანავა უძღვება, რომლისთვის სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ტყუილს იტყვიან მისი რესპონდენტები, მთავარია ანტირუსული იყოს.

რუსეთის სიძულვილი ყველა ტელე-კომპანიის, რადიოს ეთერიდან იღვრება, ამასთანავე დასავლეთისადმი დაუოკებელი თაყვანისცემა. მაგალითად, იმავე რადიოს ეთერში მსმენელს სისტემატურად ასმენინებენ ჰოლივუდის მსახიობების ისტორიებს, სხვადასხვა ამერიკული კომპანიების დაარსების უწვრილმანეს დეტალებს. ამასწინათ, შოკოლადი „მარსის“ დამაარსებლის ისტორიაც გაგვაცნეს — დამაარსებელის ფეხსაცმლის ნომრითაც კი.

სიმღერებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი — ყველა რადიო, 24-საათიან რეჟიმში მხოლოდ ამერიკულ სიმღერებს გადასცემს, თითქოს მსოფლიოს სხვა ხალხებს სიმღერები არ ჰქონდეთ. სიმღერა ამერიკულია, მუსიკა ამერიკული, კინოფილმი ამერიკული, მსახიობი ამერიკელი, კომპანია ამერიკული, ჯინსი ამერიკული — მისი დაბადება და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებაც, ამერიკული ტკბილი ისტორია „ლივაი“ სტრაუსული.

„ლივაი“, ჟურნალისტის მიერ რატომღაც ინგლისური ფონეტიკის საწინააღმდეგოდ – „ლევი“-დ მოხსენიებული, მთელი დღის პროგრამის „ჰიტი“ იყო, დავუმატოთ ამას ინგლისური, უფრო სწორად, ამერიკულ-ინგლისური სიტყვები და გამოთქმები და რით ვართ ამერიკელებზე ნაკლები?

წინა სტატიაში მოგიყევით საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „ჩაი ორისთვის“ შესახებ, მაგრამ არ მითქვამს მისი ერთ-ერთი წამყვანის შავლეგ გეგეჭკორის თავდავიწყებული ამერიკულობის თაობაზე. ის, რომ პატივცემული შავლეგო მუსიკად მხოლოდ ამერიკულს მიიჩნევს და ვიღაცის ბრძანებით, უკრაინულსაც — გასაკვირი არ არის, მაგრამ მიკვირს მის მიერ ნებისმიერი ამერიკელის სახელისა და გვარის ისეთი გამოთქმით და „აპეტიტით“ წარმოთქმა, როგორსაც ის ახერხებს. რამდენი სიყვარული, თაყვანისცემაა ჩადებული მისეულ გამოთქმაში — განა დასაფასებელი არ არის.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ისეთი გატაცება გვქონდა — ინგლისური ენის შესწავლის მსურველ ახალგაზრდებს, რომ ღამეს არ ვუშვებდით რადიოს „მოკლე ტალღებზე“ მოგვესმინა „ამერიკის ხმის“ გადაცემა – „ჯეზ აუა“ ამერიკულად და არა „ჯაზ“, ცნობილი წამყვანის ლუის კანოვერის ხავერდოვანი ბასის თანხლებით.

„ინტურისტში“, ამერიკელ ტურისტებთან მუშაობის დროს, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, თუ ვინ უკეთესად მოუქცევდა ამერიკულად. ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკელებსაც.

მაგრამ ეს იყო ყვინჩილობის დროს და არა დასრულებულ ასაკში, თან არასდროს დაგვიყენებია ამერიკულ-ინგლისური მშობლიურზე მაღლა, არასოდეს გაგვისაპნავს თავი ამერიკელთა უკანალში შესაძრომად, რასაც დღეს აქვს ადგილი.

გვარებზე ერთ ასეთ ამბავს მოგიყვებით. გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ცნობილ ქართველ მწერალ გურამ ფანჯიკიძესთან ერთად აშშ-ი ვიმყოფებოდი. ჩვენი მასპინძელი პოლონური წარმოშობის ამერიკელი იყო, რომელიც, მეუღლესთან ერთად მუდამ ჩვენთან იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ გურამმა მკითხა — თუ გახსოვს რა გვარისა იყო ჩვენი მასპინძელი, მოგზაურობაზე მინდა დავწერო და შემახსენე მისი გვარიო.

მასპინძლის სავიზიტო ბარათი მივეცი. გურამმა დახედა და არ მოეწონა, ვინაიდან გვარი პოლონური იყო — მისთვის ნაკლებად ჟღერადი, ამერიკულთან შედარებით. თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები, მას ჯეკსონად მოვიხსენიებო, მითხრა მან. მაგრამ გურამს წამითაც არ გაუვლია თავში ამერიკელის ან რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლის ქართველზე მაღლა დაყენება, რასაც დღეს ვხედავ.

ამას წინათ, ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ის, მოჭარბებული ჟესტიკულაციით, ცდილობდა თავის მიერ წარმოთქმული სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობის მიცემას, ამასთანავე ამერიკაში ცხოვრების გამოცდილების გაზიარებას, ამერიკულ-ინგლისური სიტყვების და მოკლე წინადადებების გამოყენებით, თან წამყვანს ეკითხებოდა — ქართულად ეს როგორ ითქმისო. სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკაში და მშობლიური ენა ისე „დაავიწყდა“, შეხსენება ესაჭიროებოდა ვითომ. მეტიჩრობა ჰქვია ამას.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი