გამოჩენილი რუსი მოაზროვნის, ევგენი ტრუბეცკოის მთავარი ნაშრომი – “სიცოცხლის აზრი”, ქართულ ენაზე გამოიცა

გამოიცა გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსის, ქრისტიანული ფილოსოფიის წარმომადგენლის, ევგენი ტრუბეცკოის (1863-1920) მთავარი ნაშრომი – „სიცოცხლის აზრი“. წიგნი რუსულიდან თარგმნა ვიქტორ რცხილაძემ. მანვე ვრცელი შესავალი დაურთო წიგნს, სადაც, თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე მოსაზრება განიხილა.

აღნიშვნის ღრსია ვიქტორ რცხილაძის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. მან არა მხოლოდ ქართული ფილოსოფიური ლიტერატურა გაამდიდრა კლასიკოსთა თარგმანებით, არამედ ზოგადად ქართულ კულტურასაც შესძინა ისეთი ნაწარმოებების თარგმანები, რომელთა მსოფლიო მნიშვნელობა წარუვალია და დიდ მოწიწებას იმსახურებს. ვიქტორ რცხილაძის ყველა ამ თარგმანს დართული აქვს მისი წინასიტყვაობები, კომენტარები და ბოლოსიტყვაობები.

გერმანულიდან თარგმნილია: გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი: „ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე“; არტურ შოპენჰაუერი: „სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა“; სიორენ კირკეგორი: „შიშის ცნება“.

XX საუკუნის ფილოსოფოსები (ასევე გერმანული ენიდან): რუდოლფ ოტო: „წმიდა“; ავგუსტ ბრუნერი: „ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“; იოანეს ჰესენი: „პლატონიზმი და პროფეთიზმი“; რომანო გუარდინი: „რელიგია და გამოცხადება“, „სასწაული და ნიშანი“; ჰანს ზედლმაირი: „თანამედროვე ხელოვნების რევოლუცია“; ვოლფჰარტ პანენბერგი: „ცოდვა და პირველცოდვა“, „ათეიზმის ტიპები და მათი თეოლოგიური მნიშვნელობა“; „ღვთის არყოფნის გამოცდილება თანამედროვე თეოლოგიაში“; მიხაელ შულცი: „კარლ რანერი და ვოლფჰარტ პანენბერგი“; გუდნოლფ გიერათი: „გერმანელი მისტიკოსები“; კარლ შმიტი: „პოლიტიკური თეოლოგია“, „თანამედროვე პარლამენტარიზმის სულიერ-ისტორიული მდგომარეობა“; მარტინ ჰაიდეგერი: „რა არის ეს – ფილოსოფია?“ (უნივერსიტეტის „მიმომხილველში“, 1969 წ.).

მნიშვნელოვანია ვიქტორ რცხილაძის მიერ შედგენილი და თარგმნილი კრებული “დასკვნები ქართული პოლიტიკისთვის“, რომელშიც შესულია შემდეგი ნაშრომები:  ფრანც ფონ ბაადერი: „საფრანგეთის რევოლუციის მიერ გამოწვეული მოთხოვნილება, რათა დამყარდეს რელიგიის პოლიტიკასთან ახალი და უფრო შინაგანი კავშირი“, კარლ რანერი: „თეოლოგიური ასპექტი ეშმაკეული შეპყრობილობის შეფასებისთვის“, ვოლფჰარტ პანენბერგი: „ბოროტებისა და განსაცდელის დაძლევა თავად ღვთის მიერ“, ჰაინრიხ შოლცი: „ომი და ქრისტიანობა“; კონრად პაულ ლისმანი: „სიორენ კირკეგორი“.

ვიქტორ რცხილაძემ ასევე შეადგინა და თარგმნა კრებული: „XX საუკუნის დიდი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების აზრები უკვდავებაზე“.

რუსულიდან თარგმნილია: ალეკსეი ლოსევი: „მითის დიალექტიკა“, „მხატვრული ფორმის დიალექტიკა“, „მხატვრული მსოფლშეგრძნების აგებულება“, „ესთეტიკური მოძღვრებების ისტორია“; ნიკოლაი ლოსკი: „სამყარო როგორც ორგანული მთლიანობა“, „ნების თავისუფლება“, „თანამედროვე ევროპელის და პირველყოფილი ადამიანის ინტელექტი“.

ფილოსოფიური აზრისა და ჩვენი კულტურისთვის არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ვიქტორ რცხილაძის ორიგინალურ ნაშრომებს, რომელთაგან გამოვყოფდით ექვსასგვერდიან წიგნს – „ბოროტება, მისი ნიღბები და მისი გამოვლინება საქართველოში“; „XX საუკუნის გერმანელი მოაზროვნეები ღვთის არსებობის შესახებ“; ასევე, ვიქტორ რცხილაძის მრავალრიცხოვან წერილებსა და თარგმანებს მის მიერვე დაარსებულ ჟურნალში „რელიგია“, რომელმაც არსებობა შეწყვიტა მ. სააკაშვილის სამარცხვინო რეჟიმის დამყარებისთანავე. ასევე ყურადღებას იპყრობს ვ. რცხილაძის მიერ 2020-2021 წლებში გამოცემული „ფილოსოფიურ-პოლიტიკური კრებული“ – #1 და #2.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ ე. ტრუბეცკოის „სიცოცხლის აზრს“. მთარგმნელს თავის წინასიტყვაობაში მოჰყავს ნაწყვეტი ტრუბეცკოის სულ სხვა ნაწარმოებიდან, რომელიც პასუხობს ჩვენში ე. წ. „ნაცმოძრაობის“ მიერ გაღვივებულსა და დანერგილ რუსოფობიურ განწყობილებას. ვიქტორ რცხილაძე წერს:

ჩვენში გამეფებული ანტირუსული ისტერიის გამო საჭიროა ჩვენი ავტორის მაგალითზე იმის ჩვენება, რომ ყველა რუსი არაა შოვინისტი და იმპერიალისტი, და რომ ფაქტობრივად არსებობს მეორე რუსეთი, ქრისტიანული და სამართლიანი. ეკამათებოდა რა მურეტოვს ერი-სამშობლოსა და ღვთის ურთიერთდამოკიდებულებაზე, ევგენი ტრუბეცკოი წერდა: „დოსტოევსკის მოძღვრების არსი იმაზე დაიყვანება, რომ როგორც ხალხის, ასევე პიროვნების ზემოთ არსებობს უმაღლესი, სამყაროსეული ჭეშმარიტება, რის წინაშეც მორიდება გვმართებს. დ. დ. მურეტოვის მოძღვრების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მორჩილება გვმართებს ხალხის, როგორც ასეთის, წინაშე. დოსტოევსკი, პირველ ყოვლისა, გახლდათ ქრისტიანი; ამიტომ მის მსოფლმხედველობაში „ნაციონალურ ეროსს“ ჰქონდა მხოლოდ დაქვემდებარებული მნიშნელობა; პირიქით, ბ-ნი მურეტოვი ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ ნაციონალურ ეროსს აქვს თავისთავადი, თვითკმარი ღირებულება. განსხვავება დ. დ. მურეტოვის თვალსაზრისსა და დოსტოევსკის და სლავიანოფილების რელიგიურ თვალსაზრისს შორის მდგომარეობს, სხვათა შორის, კიდევ იმაში, რომ იგი შესაძლებლად თვლის თავისი ნაციონალიზმის დასაბუთებას ყოველგვარი მეტაფიზიკური საწყისების გარეშე. ეს ნაციონალიზმი, რომელიც აღმერთებს ეროვნებას, კრძალავს, თავის კერპს მიმართონ რაიმე ზნეობრივი მოთხოვნებით: ბ-ნი მურეტოვის აზრით, შეიძლება ითქვას: „ჩვენ გვმართებს“, მაგრამ იკრძალება თქმა: „ხალხს მართებს“. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ უმაღლესი ნორმა მხოლოდ პიროვნების ზემოთ არსებობს, მაგრამ არა ხალხის. სრულიად აშკარაა, რომ აქ დოსტოევსკის ქრისტიანობა კი არა გვაქვს, არამდედ ნამდვილი წარმართობა“…

ევგენი ტრუბეცკოი განაგრძობს: „ჩვენ გვეუბნებიან – შეიყვარეთ, უპირველეს ყოვლისა, თქვენი ხალხი“. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ჩემს ხალხს აქვს უფრო დიდი, ვიდრე თვითონ არის, მარგალიტი, რომელიც შეადგენს მისი სიცოცხლის უმაღლეს ღირებულებას. როგორ შემიძლია იგი მიყვარდეს უამმარგალიტოდ? ჩემი ხალხი თავისი რელიგიური შემოქმედების უმაღლეს საფეხურებზე იცნობიერებდა თავს, როგორც მშენებლად და იმავდროულად – ცოცხალ ქვად დიდი და ხელთუქმნელი შენობის, რომელშიც ყველა ხალხისთვის, ისევე როგორც ყოველი ცოცხალი არსებისათვის, გამზადებულია სავანე, არის თავისი ტრაპეზი და გვირგვინი. ნუთუ ამ უდიდესი სახალხო საქმის უარყოფით, სახალხო შემოქმედების ამ მშვენებისა და აზრის – ჩემი ხალხის სიყვარულს დავამტკიცებ? ან, შესაძლოა, მითხრან, რომ უნდა დავუტევო ეს ნათელი რელიგიური იდეა კერძო, საშინაო მოხმარებისთვის, ხოლო საზოგადო ცხოვრებაში ვიხელმძღვანელო სხვა საწყისებით? ასე შეუძლიათ იმსჯელონ ცნობილი აფორიზმის, „Religion ist Privatsache” (“რელიგია კერძო საქმეა, – გერმ.) – აღმსარებლებმა, რომელიც მიმოქცევაშია გერმანელ სოციალ-დემოკრატთა შორის. მაგრამ, ვაქციოთ რელიგია ყოველის „კერძო საქმედ“ ნიშნავს იმას, რომ იგი უბრალოდ მოვსპოთ, რადგან საშინაო ღმერთი უკვე ღმერთი აღარ არის. ვისაც სწამს ღვთისა, მას სურს მისი განხორციელება მთელს ცხოვრებაში; მაგრამ მაშინ ჩვენი ცხოვრების იდეალია არა გაბნეული ტაძარი, არამედ – კაცობრიობა, ღმერთში თავმოყრილი. წინასწარ ვჭვრეტ გავრცელებულ შეპასუხებას, რომ ასეთი იდეალი უსასრულოდ შორს არის პოლიტიკისაგან და შეუძლებელია, ჰქონდეს მასთან რაიმე გამოყენება. ამაზე ვუპასუხებ – ზედაპოლიტიკური არ არის აპოლიტიკური. რელიგიური იდეალი და ცხოვრების რელიგიური აზრი თუკი არ შეიძლება განხორციელდეს პოლიტიკის საშუალებებით, მაშინ პოლიტიკა მაინც უნდა იყოს მისდამი, ასე თუ ისე, დაქვემდებარებული. თუკი მას არ ძალუძს დედამიწაზე ღვთის სამეფოს შექმნა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ცხოვრებაში მან სატანური სამეფო უნდა განახორციელოს. იგი უკიდურეს შემთხვევაში წინ უნდა აღუდგეს ამ უკანასკნელს“  (Национализм. Полемика 1900 – 1917. Сборник статей. Москва, 2000 г., стр. 177-178).

ციტატა ევგენი ტრუბეცკოის „სიცოცხლის აზრი“-დან: „რით იმსახურებს კოლექტიური ნაციონალური ეგოიზმი მეტ პატივისცემას, ვიდრე კლასობრივი ეგოიზმი ან რომელიმე სხვა? რუსული ნაციონალიზმი მსხვერპლი გახდა სწორედ ამ ცდუნების (ე. ი., უღვთობის – ვ. რ.), რომელიც ახასიათებს ყოველ ნაციონალიზმს“..

 

წყარო: გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 17.01.2024, გვ. 9.