ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ სიტყვით გამოსვლისას.
„ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი.
Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ ნათია თურნავა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, პოლონეთის, ალბანეთისა და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
ვენაში მიმდინარე ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან და მათ საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.