იმედა კახიანი, რომელსაც სტალინის მმართველობის ბოლო პერიოდი საკმაოდ კარგად ახსოვს, მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებულ საკითხზე და ზოგადად იოსებ ჯუღაშვილის შესახებ საუბრობს. მისი აზრით, ნამდვილად არ არის მოსაწონი ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა:
„სტალინს არც ერთი ეკლესიის დანგრევაზე და არც ერთი სასულიერო პირის დასჯაზე ბრძანება არ გაუცია. არსად სტალინის ხელმოწერა არ არის. მე ისიც არ მჯერა, რომ სტალინი ეკლესიის დანგრევაზე ხელს მოაწერდა, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ეკლესიასთან. მაჩვენეთ ერთი ბრძანება, სადაც სტალინს ხელი აქვს მოწერილი ტაძრის დანგრევაზე, ან რომელიმე სასულიერო პირის დასჯაზე და მაშინ დავიჯერებ, რასაც ამბობენ… სიმართლე კი ის არის, რომ ფაშიზმთან გამართულ საშინელ ომში, რომელმაც კაცობრიობას ყველაზე დიდი ზიანი და ტანჯვა მოუტანა, სწორედ სტალინმა გაიმარჯვა. რომ არა სტალინი, ამას ვერავინ შეძლებდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ომი სწორედ მან მოიგო, რადგან გენიალური მხედართმთავარი იყო – ამას ვერავინ უარყოფს.
ადამიანის დახვრეტა და სიკვდილით დასჯა როგორ შეიძლება, მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით, რომ საბჭოთა წყობილებას ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი უარყოფდა. მათ არ მოსწონდათ ქვეყანა, რომელსაც სტალინი აშენებდა. ეს იყო ურთულესი ეპოქა, როცა საბჭოთა კავშირს უამრავი მტერი და მოწინააღმდეგე ჰყავდა. ეს იყო ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის, როცა სტალინი ძალიან დიდ და ბოროტ ძალას ებრძოდა. რომ არა სტალინის ნიჭი, ამ ძალას ვერავინ მოერეოდა. სხვათა შორის, სათავეში სტალინამდე ვინც იყო, მათ უფრო მეტი ცოდვა აქვთ ჩადენილი, მაგრამ ახლა ყველაფერს სტალინს და ბერიას მიაწერენ. აბა, სად იყვნენ სტალინი და ბერია, როდესაც მეფის ოჯახი ამოჟლიტეს ისე, რომ მისი მსახურები და მზარეულიც კი არ დაინვეს? ჩემი აზრით, სტალინი იმდენად დიდია, რომ ბევრი ცოდვა ეპატიება, რაც ნებსით თუ უნებლიეთ ჩაუდენია. თუნდაც იმიტომ, რომ ქართველი იყო და ფაშიზმს სძლია, მის ძეგლს, ან მის მუზეუმს ცუდად არ უნდა შევეხოთ.
მე თვითონ რეპრესირებული ოჯახიდან ვარ: მამაჩემი, ლადო კახიანი, ციმბირში იყო გადასახლებული. საქართველოში ექვსი წლის შემდეგ ჩამოვიდა და ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლებაც არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას სტალინზე საყვედური არასდროს წამოსცდენია.
მამამ თვითონაც არ იცოდა რატომ დააპატიმრეს! მხოლოდ ეჭვი ჰქონდა: საქმე ის არის, რომ მამა და მამიდა თბილისში, პლეხანოვზე ცხოვრობდნენ და ჩვენი სოფლიდან თუ ვინმე ჩამოვიდოდა სასწავლებლად, ან სამუშაოს მოსაძებნად, მათთან ჩერდებოდა. ერთხელ, მათთან ჩვენი მეზობელი, ახალგაზრდა კაცი ჩამოსულა, რომელიც მერე მილიციაში მოეწყო. მამა მასთან ერთად მცხეთაში, დღესასწაულზე წასულა. თურმე, ძალიან კარგად იხალისეს და მამაჩემი სახუმარო ანეკდოტებს ჰყვებოდა თანამდებობის პირებზე… მამაჩემს ეჭვი ჰქონდა, რომ ამ კაცმა მილიციაში ვიღაცებს უამბო, ლადო კახიანი ასეთ ანეკდოტებს ჰყვებოდაო. მაშინ დასმენა და დაბეზღება საკმარისი იყო, რომ ადამიანი ცხრა მთას იქით გადაესახლებინათ. ბევრი გადასახლებიდან არც დაბრუნებულა. ხშირად მახსენდება მამაჩემის მონაყოლი: კინო “აპოლოსთან” ვიჯექი, როცა თავზე დამადგნენ და წამიყვანესო. ციმბირიდან რომ დაბრუნდა, მერე დაოჯახდა, მეც გავჩნდი და ამდენი განსაცდელის შემდეგ, გახარებულმა “იმედა” დამარქვა.
მართალია, იმ წლებს ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვა, ზოგს გვარიშვილობის გამო იჭერდნენ, ზოგს – დაბეზღების გამო… ვინც უცხო ენა იცოდა, ან განათლებული იყო, მუშათა კლასის მტრად მიაჩნდათ. ცოტა რამ იყო საჭირო, რომ ადამიანზე ეჭვი მიეტანათ! რა თქმა უნდა, ეს უვიცობა და სიბნელე იყო, მაგრამ იყო ასეთი პერიოდი და რას ვიზამთ?
მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მივიჩნევ, რომ სტალინი მთელი მსოფლიოსგან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” იმედა კახიანმა.
“კვირის პალიტრა”