“რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში და რამდენად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჩინეთი? გავიხსენოთ კვიპროსის მაგალითი, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები. ჩინეთმა კვიპროსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში, საქართველოსგან განსხვავებით, შეიტანა პუნქტი, რომლითაც, ფაქტობრივად, პირობას დებს, რომ გააგრძელებს კვიპროსის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად… სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის ჩანაწერი საქართველოსთან დადებულ შეთანხმებაში არ არის”, – აცხადებს ექსპერტი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქარიშხალი ჭიქაში თუ პრობლემა: რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!
“ჩვენს შემთხვევაში შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ “ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას”. ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, “საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს”. ამას ლოგიკურად უნდა მოსდევდეს დაახლოებით ამ შინაარსის ჩანაწერი, რომ ჩინეთიც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ერთიანობას, გმობს ოკუპაციას და აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ანუ ჩინეთიც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუმცა ამგვარი არაფერი წერია შეთანხმებაში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელიც არასდროს აძლევს ხმას რეზოლუციებს ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე, რაც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია. მოკლედ, ჩინეთს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების მხარდაჭერა დღემდე არ გამოუხატავს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, რომელიც არასდროს ახსენებს სიტყვა “ოკუპაციას”. არ მახსოვს, ჩინეთისგან არც ერთი განცხადება ბორდერიზაციაზე, საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე, მათ წამებასა თუ მკვლელობაზე და ა.შ. ამიტომ იბადება კითხვა: რას ვიღებთ ჩინეთთან ასეთი დაახლოებით? სანამ ჩვენი პარტნიორობა გამოცხადდებოდა, საქართველოს ჩინეთთან ისედაც ჰქონდა ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. მაშ, რის მიღებას ველით ჩინეთისგან? ამასთანავე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს, მაგალითად, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას და ა.შ., რასაც დიდი ეჭვით უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები – აშშ და ევროკავშირი. ამის გათვალისწინებით ჩინეთისთვის საქართველოს ასეთი ცალსახა მხარდაჭერა რაღაცით უნდა იყოს დაბალანსებული, რაღაც შედეგს უნდა ვიღებდეთ ამისგან. ეს შეეხება საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც. ჯერ არ ჩანს, რა იყო ამის მიზანი ან რა შედეგი მოჰყვება. იმედია, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მაგალითად, გაეროში მორიგი რეზოლუციის კენჭისყრისას – თუ ჩინეთი დაუჭერს მხარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლტოლვილთა დაბრუნებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტნიორობის გამოცხადების შემდეგ მან ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა პოზიცია. ეს შეეხება სხვა საკითხებსაც, ვნახოთ, რა იქნება უახლოეს მომავალში… ჯერ-ჯერობით, განსაკუთრებული ბენეფიტები საქართველოსთვის მე ნამდვილად ვერ დავინახე. გეთანხმებით, ჩინეთის ინტერესები აშკარაა, მით უფრო დიდია შუა დერეფნით დაინტერესება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო. იზრდება დაინტერესება ინფრასტრუქტურული პროექტებითაც, შავი ზღვითაც. ყოველივე ეს ნორმალურია და ნებისმიერი ქვეყანა უნდა ცდილობდეს ამ ინტერესების სათავისოდ გამოყენებას. აქ კითხვა სხვა რამეშია – პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩინეთს აინტერესებს რაღაც, მაგალითად, ანაკლიის პორტი, პრობლემაა, როცა ის აშენდება, პორტი ქართული იქნება თუ ჩინური? ვინ იქნება მისი მფლობელი? ვიმეორებ, ჩინური ინვესტიცია პრობლემა არ არის, პრობლემაა ის, როდესაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი სხვის, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მფლობელობაში გადადის”, – განმარტავს ექსპერტი.
“საკამათო თემაა ინვესტიციების მასშტაბიც. ამიტომაც მნიშვნელოვანია რისკების კარგად გათვლა და გაანალიზება, რაც ბევრ ქვეყანაში გააკეთეს. ჩვენ გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც დახარბდნენ იაფ ჩინურ ინვესტიციებს, რაშიც შემდგომ ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდამ მოუწიათ. დავოსის ფორუმზე, რომელსაც დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვისურვებდი ყოფილიყო მეტი კონტაქტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, გამართულიყო ორმხრივი შეხვედრები – უკვე უნდა გვქონდეს დაწყებული მზადება ნატოს მომავალი სამიტისთვის, რომელიც აშშ-ში გაიმართება. კარგია, რომ ფორუმზე ჩვენმა პრემიერმა შუა დერეფანზე ბევრი ილაპარაკა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არსებობს დიდი რისკები. მაგალითად, შუა დერეფნისთვის ერთ-ერთ დიდ რისკს წარმოადგენს რუსეთის ინიციატივა, რაც შავი ზღვის ფლოტის ოჩამჩირეში გადმოტანას გულისხმობს. რას ვაპირებთ, რა კონსულტაციებს ვმართავთ პარტნიორებთან და რა პრევენციულ ნაბიჯებს ვდგამთ? – ეს არის მთავარი საკითხები, რაზეც, ვფიქრობ, დავოსშიც უნდა ყოფილიყო ლაპარაკი. იმ განცხადებაში, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ამ საკითხზე სრულფასოვანი სურათი ნამდვილად არ იქმნება. უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ ფორუმზე, ჩვენ ეს რამდენად გამოვიყენეთ, არ ვიცი. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენმა მთავრობამ გაავრცელა, ეს ნამდვილად არ ჩანს”, – დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.