დიდი ალბათობით, „ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნებისგან“ იმართება და, ცხადია, გააკეთებ პროგნოზს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებ, თუმცა ყოველთვის არსებობს „გადაგდების“ შანსი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს შეუძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს პარლამენტში.
„ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები – როცა იცი, რომ ოპოზიციაში ხალხი შენ მიერ მოსყიდულია, შენს ჭკუაზე დადის, არაფერზე კონსოლიდირდება, პარტიიდან ღვაწლმოსილ „ნაცებს“ აგდებს, ფაქტობრივად, ოპოზიციის შიგნით გაჩაღებული გაქვს ომი და ამას ხელისუფლებიდან მართავ, ცხადია, გააკეთებ პროგნოზს, რომ ისინი ვერასდროს შეთანხმდებიან და არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებ, თუმცა 100 პროცენტით მოსყიდული ოპოზიცია არ არსებობს. იმის მიუხედავად, ოპოზიცია რამდენად ჰყავს ხელისუფლებას მოსყიდული, ყოველთვის არსებობს „გადაგდების“ შანსი. შესაბამისად, ასეთ პროგნოზს ცოტა სიფრთხილით მოვეკიდებოდი. დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისგან“ იმართება და ვიდრე „ქართული ოცნების“ მმართველობისგან არ გათავისუფლდება, მხოლოდ ის შეუძლია, რასაც „ქართული ოცნების“ მენეჯმენტში გადაწყვეტენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.