ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.  ამის შესახებ ინფორმაციას United Nations ავრცელებს.

გაეროს პოლიტიკურ საქმეთა მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ გაერო „არ არის იმ მდგომარეობაში“, რომ გადაამოწმოს ცნობები უკრაინის საზღვართან რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. გაერო მოუწოდებს მეომარ მხარეებს, „უკვე საშიში კონფლიქტის“ გაღვივება თავიდან აიცილონ.

„ჩვენ გვესმის, რომ რუსეთიც და უკრაინაც აწარმოებენ ცალკე გამოძიებებს ინციდენტთან დაკავშირებით და კიევმა მოითხოვა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. ბოლოდროინდელი ინციდენტი ბელგოროდის რეგიონში და მისი სავარაუდო კავშირი ტყვეთა დაგეგმილ გაცვლასთან, გვახსენებს ომის ტყვეების მძიმე მდგომარეობას “- განუცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოში ელჩებს.

თავის მხრივ, რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

„კიევის კრიმინალური რეჟიმის დასავლელი სპონსორები პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის დანაშაულებზე. მსგავს სიტუაციებში თქვენ ხაზს უსვამთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა იყენებს ამ იარაღს ლეგიტიმური თავდაცვისთვის. იქნებ დღეს აგვიხსნათ, როგორ არის დაკავშირებული თავდაცვა თვითმფრინავის ჩამოგდებასთან, რომელსაც თქვენივე ტყვეები გადაჰყავთ, რათა ჩატარდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პროცედურა“, – აღნიშნა გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ.