მთავრობის მხრიდან დათმობების მიუხედავად, ფრანგი ფერმერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ფერმერების საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ისინი აცხადებენ, რომ დემონსტრაციების ჩასახშობად მთავრობის მიერ მიღებული ზომები საკმარისი არ არის მათი ცხოვრების პირობებისთვის.
საფრანგეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ფერმერების მოთხოვნაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შესამცირებლად კი, სხვა ნაბიჯები გამოაცხადა. თუმცა, ფერმერებმა ეს არასაკმარისად მიიჩნიეს და საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.
ამასთან ერთად, დემონსტრანტებმა გამართეს მდუმარე მსვლელობა საფრანგეთის ქალაქ ბოვეში, რათა პატივი მიეგოთ ბოლო წლებში დაღუპული ფერმერებისთვის, რომლთაც სამუშაო პირობების სტრესის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.