უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დრონების ერთობლივი წარმოება განიხილეს

უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრის დროს დრონების ერთობლივი წარმოება განიხილეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ საუბრის უმეტესი ნაწილი დავუთმეთ ზოგადი ნაბიჯების განსაზღვრას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოების გაზრდის საკითხს. ლიეტუვას აქვს ტექნოლოგიები, ჩვენ გვაქვს უნარი გავაფართოოთ წარმოება და ეს იყო საკვანძო თემა. არსებობს მკაფიო გაგება, რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ ისე, რომ უკრაინულ-ლიეტუვურმა თანამშრომლობამ დრონების წარმოებაში მაქსიმალური შედეგი უმოკლეს დროში გამოიღოს“, – აღნიშნა კულებამ.

როგორც კულებამ აღნიშნა, მიღწევადია უკრაინის მიზანი, აღადგინოს კონტროლი საჰაერო სივრცეზე. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე სრულდება, მაგრამ „აუცილებელია ყველა ამ ელემენტის მიღება საკმარისი რაოდენობით და დროულად“.

„თუ ჩვენ მივიღებთ F-16-ებს, თუ გვექნება საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ელექტრონული სისტემები და რაკეტები, გავაკონტროლებთ ჩვენს ცას. ეს მიღწევადია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა ლიეტუვასთან“, – აღნიშნა კულებამ.

ამასთან ერთად, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, აშშ-ის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და გაყინულ რუსულ აქტივებზე.

კულებამ აღნიშნა, რომ მის ლიეტუველ კოლეგასთან „არსებითი შეთანხმებები“ შედგა ლიეტუვაში უკრაინის პრეზიდენტის,  ზელენსკის ვიზიტის დასაგეგმად.