უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
„პატივცემულო ჟურნალისტებო, ეს სიცრუეა“, – დაწერეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა „ტელეგრამის“ ოფიციალურ არხზე.
თანამდებობიდან ზალუჟნის გადაყენების შესახებ ინფორმაცია პირველმა ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით ამ თანამდებობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილ ბუდანოვი დანიშნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს.
„ახალი მთავარსარდალი გვყავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ამ თანამდებობაზე კირილ ბუდანოვი დანიშნა“, – დაწერა ციმბალიუკმა ფეისბუკში.
ინტერნეტში უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტის თაობაზე. გასული წლის ბოლოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას და ზალუჟნის „სამუშაო ურთიერთობები აქვთ და მასთან მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს“.