უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინის დასაფინანსებლად კომპრომისული წინადადება შესთავაზა ევროკავშირს, თუმცა ეს წინადადება პოზიტიურად არ იქნა აღქმული.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში საუბრობს.
ორბანი აღნიშნავს, რომ უნგრეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით არ შეცვლილა და მიაჩნია, რომ არ არსებობს სამხედრო გამოსავალი, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პოზიცია სამხედრო გამოსავალზეა ორიენტირებული და ისინი რეკომენდაციას იძლევიან, რომ ევროკავშირმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინას 50 მილიარდი ევრო მისცეს.
„უნგრეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ეწინააღმდეგება ბიუჯეტში ამ შესწორებას, თუმცა 26 ქვეყანა არ იღებს დამოუკიდებელი ქვეყნის ამ უფლებას. ამიტომ ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ უნგრეთი, განახორციელონ ზეწოლა მასზე, დააშანტაჟონ ის და აიძულონ მხარდაჭერა“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ორბანის თქმით, უნგრეთის კომპრომისული წინადადება კი გულისხმობს, რომ უნგრეთი დათანხმდება დაფინანსების საკითხს, თუკი იქნება გარანტია, რომ წევრი ქვეყნები ყოველწლიურად ერთხმად გადაწყვეტენ, გაგრძელდეს თუ არა დაფინანსება.
„ვინმე თუ იძულებული ხდება, იყოს ისეთი რაღაცის ნაწილი, რაც არ მოსწონს, უნდა ჰქონდეს უფლება, არ მიიღოს ამაში მონაწილეობა, მაგრამ ისინი განიცდიან ზეწოლას, აიძულებენ, რომ მონაწილეობა მიიღოს. მაშინ სამართლიანი და გონივრულია, რომ იყოს შესაძლებლობა, ყოველწლიურად გადავწყვიტოთ, გაგრძელდება ეს თუ – არა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ორბანის განმარტებით, ბოლო წლებში ევროკავშირი სულ უფრო მეტად მიიწევს იმპერიალისტური მიმართულებით და თუკი წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, მიგრაცია, გენდერი, დაუყოვნებლივ განიცდიან იმპერიალისტურ რეაგირებას ბრიუსელისგან და ხდებიან შანტაჟის ობიექტი.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუკი უნგრეთი იქცევა როგორც სუვერენული სახელმწიფო, ისინი უნგრეთზე უზარმაზარ ფინანსურ ბლოკადას ახორციელებენ და უკრაინის საკითხს აკავშირებენ კანონის უზენაესობასთან, როდესაც ამ ორს საერთო არაფერი აქვს.
ორბანის თქმით, უცნობია, რა მოხდება მომდევნო სამი-ოთხი თვის განმავლობაში უკრაინაში, მით უმეტეს, წარმოუდგენელია იმის ცოდნა, რა იქნება მომდევნო ოთხ წელიწადში, ასევე, შეუძლებელია იმის ცოდნა, „განაგრძობს თუ არა ამერიკა ამ თამაშში მონაწილეობას“ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
უნგრეთის პრემიერისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მისცეს ევროკავშირმა 50 მილიარდი ევრო უკრაინას და ეს ახლა გადაწყდეს, მაშინ როდესაც, ხუთ თვეში არჩევნებია ევროპარლამენტშიც.
უნგრეთის პრემიერი ირწმუნება, რომ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებას ან გაწევრიანებას „შეიძლება, კატასტროფული ეფექტი მოჰყვეს ევროპული ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი, აგრარულ სექტორში“.
ორბანი მიიჩნევს, რომ უნგრეთი უკრაინის ეკონომიკის გავლენისგან ზარალდება, რადგან მისი მეზობელია. „უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქცია ბევრად იაფია, ვიდრე ფრანგული ან უნგრული. ევროკომისიამ უნდა დაიცვას ევროპელ ფერმერთა ინტერესები“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.