ვერც ერთი სამედიცინო დაწესებულების „მტვერსასრუტი“ ვერ შეისუნთქავს თბილისელთა ფილტვებში ჩაპრესილ მტვერს — ქალაქის მერიის თავხედური, ღორმუცელური ქმედებით გამოწვეულს, აღარაფერს ვამბობ იოლი გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტზე, პირადი ჰიგიენის გაუარესებაზე; ზაფხულის გაგანია სიცხეში, გადათხრილი ქუჩებიდან ავარდნილი მტვრის მოყვითალო „ღრუბლებში“ „ანგელოზებივით“ ცურვაზე; ზამთარში, კოჭბამდე ტალახში სიარულზე, ავტომანქანების, გათხრილ ორმოებში ცხვირით გადაშვებაზე და იმაზე, რაზეც ლაპარაკიც კი დაუშვებელია ნორმალურ დედაქალაქში, ქვეყანაში.
არადა, საქართველო ხომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა? ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ნუთუ ველობილიკების გაკეთებით ამოიწურება?
თბილისის ისედაც ვიწრო ქუჩები, მერიამ კიდევ უფრო დაავიწროვა ველობილიკებისა და უზომოდ ფართო ტროტუარების გაკეთებისთვის. არადა, არ ჩანან „ველოსიპედისტები“. რა ხანია სპეციალურად ვაკვირდები ასეთის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამაოდ.
ქალაქის გონგამოცლილ მერს, გვარად კალაძეს, პროფესიით ფეხბურთელს, ივანიშვილების პროტეჟეს, უზომო სურვილი აქვს, რომ თბილისელებმა ველოსიპედით იარონ სამსახურში, პირად საქმეზე და არა საკუთარი ავტომანქანით. საკუთარი ავტომანქანიდან ხალხი საქალაქო ტრანსპორტში უნდა გადასხდნენო — აცხადებს ის.
საქალაქო ტრანსპორტში, რომელიც დიდი ინტერვალით (20-30 წუთი) მოძრაობს და ისეა გაჭედილი, ნემსი არ ჩავარდება.
რა გამოდის? ქალაქის მერი ავტომანქანების წინააღმდეგია?
მისი ვიწრო „ფილოსოფიით“, ის არა მარტო კერძო ავტომანქანების წინააღმდეგ გამოდის, არამედ ავტომრეწველობის. ქალაქის მერს ვურჩევდი აკრძალოს ყველა ავტოსალონი, ესოდენ მომრავლებული და მათ ნაცვლად ველოსიპედები გაყიდოს.
ქალაქის მერის „მოღვაწეობა“ სერიოზული განსჯის საგანია, ისე, როგორც უნიათო ხელისუფლების, მაგრამ ვინ არის პატრონი?
ვირტუალურად, პატრონი ნებისმიერი თბილისელია, მაგრამ რეალურად არავინ. თბილისელი ამისთვის ვერ იცლის — ხინკლის ჭამით არის დაკავებული და სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელოში გამოხატვით.
თბილისელი, ცხადია ყველა არა, მაგრამ „პატრიოტული“ ნაწილი პედერასტების დევნით არის დაკავებული და კიდევ საპროტესტოდ, ევროკავშირის დროშის დაწვით. მოტივი — ევროკავშირი ქართველობას გადაშენებით ემუქრებაო. მათ გასაგონად ვიტყვი, ევროკავშირი კი არ ემუქრება ქართველობას, არამედ ქართველობა ემუქრება საკუთარ თავს, კალაძის და მისი მსგავსი ხელისუფლების სახით. ოპოზიცია მათ პრორუსულებს ეძახის, არადა, ისინი, ისე, როგორც ოპოზიცია, პროევროპულ-პროამერიკულები არიან.
ქალაქის მერის ფენომენი უპრეცენდენტოა. თბილისი, დედაქალაქი, პატარა ქვეყნის კვალობაზე, საკმაოდ დიდი ქალაქია თავისი მეურნეობით, სოციალურ-კულტურული ცხოვრებით, პრობლემებით, ისტორიით, ისტორიული ძეგლებით. თბილისი — საქართველოა. მსგავსი ქალაქი ამ ქვეყანაში არ არის და რადგან ასეა, მას შესაფერისი მერი უნდა ჰყავდეს, მეურნე, საქმის მცოდნე, მუყაითი პიროვნება და არა ისეთი, როგორიც დღეს — სკოლის ატესტატის არმქონე, გაუნათლებელი.
სამწუხაროდ, „ოცნების“ მესვეურთა აქცენტი განათლებაზე, საქმის ცოდნასა და გამოცდილებაზე, სულაც არ მიიღება მხედველობაში ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნის დროს. მთავარი კრიტერიუმი, დამნიშნავისადმი, მორჩილებაა. ანუ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისადმი მორჩილება.
12 წელია საზოგადოება უყურებს ამ ქაოსს, მაგრამ კითხვა არ აქვს. მისთვის, როგორც ჩანს მისაღებია ვითარება, რაც აქ არის. და რახან ასეა, რა შუაშია ევროკავშირი?
მოსახლეობას წყალი, შუქი რომ არ აქვს, ხელისუფლების დანაშაულია. მოსახლეობას მძიმე სოციალური პირობები რომ აქვს, ევროკავშირის ბრალია თუ ქვეყნის ხელისუფლების?!
დანგრეული ქუჩები, მოუვლელი ქუჩა, ბაღი, სკვერი თუ ბევრი სხვა რამ სხვისი ბრალი კი არ არის, საკუთარი ხელისუფლების ბრალია. მძიმე დემოგრაფიული ვითარება ევროკავშირის ბრალია თუ აქაური ხელისუფლების, რომელმაც შესაბამისი პირობები არ შექმნა მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ის, რომ მოსახლეობა სხვა ქვეყნებში გადაიხვეწა ლუკმა-პურის საშოვნად, ევროკავშირის ბრალია თუ აქაური ხელისუფლების, რომელმაც არც მრეწველობა და არც სოფლის მეურნეობა ააღორძინა მოსახლეობის დასასაქმებლად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი