ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი – ირანი აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ მუქარას უპასუხებს

ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი ჰოსეინ სალამი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ნებისმიერ მუქარას უპასუხებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირებისგან მომდინარე მუქარები, ვეუბნებით მათ, რომ უკვე გამოგვცადეს და ახლა ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, არც ერთი მუქარა არ დარჩება უპასუხოდ“, – განაცხადა სალამიმ.

მედიის ცნობით, ირანის წარმომადგენელმა გაეროში, ამირ საეიდ ირავანმა ასევე გააფრთხილა აშშ, რომ თეირანი უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას მის ტერიტორიაზე, მის ინტერესებზე ან ირანის მოქალაქეებზე საზღვრებს გარეთ.

ცნობისთვის, ირანის ოფიციალური პირების განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს მოჰყვა. ბაიდენმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა, როგორ უპასუხოს ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების თავდასხმას, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები ემსხვერპლნენ.