თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გვარამია ყოველთვის პოლიტიკაში იყო და სიყალბეა საუბარი, თითქოს ის ახლა ერთვება პოლიტიკაში.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია ახალი პარტიის შექმნას აპირებენ, კალაძის თქმით, ამაზე ვერაფერს იტყვის და არც აინტერესებს.
კახა კალაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც დღეს დაყოფილი არიან, სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთას წარმოადგენენ და საერთო პატრონი ჰყავთ.
„საერთოდ არ მაინტერესებს. გვარამია უკვე დიდი ხანია, პოლიტიკაშია, გვახსოვს მისი განცხადებები, კონკრეტული ქმედებები. ძალიან დიდი სიყალბეა, თითქოს ახლა შემოდის პოლიტიკაში, ის ყოველთვის პოლიტიკაში იყო, წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ის ადამიანები, ვინც დღეს დაყოფილი არიან, ზოგი შეიძლება, „ლელო“ იყოს, ზოგი – გახარია, ზოგი სხვა, საერთო ჯამში, ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ ფრთას, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს, შეიძლება, დაყოფილები იყვნენ, მაგრამ მათ ჰყავთ ერთი პატრონი, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ქვეყნის ინტერესი არ აქვთ. რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები იყოს, მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.