საფრანგეთის პარლამენტმა ქალებს აბორტის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა მისცა

საფრანგეთის ნაციონალურმა ასამბლეამ (პარლამენტის ქვედა პალატამ,) ხმათა უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, რომელიც ქალებს აბორტის თავისუფლად გაკეთების უფლებას აძლევს. კანონპროექტს 493-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ერიკ დიუპონ-მორეტიმ X-ში დაწერა, რომ „ასამბლეამ და მთავრობამ ქალების ისტორიასთან რანდევუ არ გამოტოვეს“.

რაც შეეხება საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატას – სენატს, იქ კანონპროექტის დამტკიცება უფრო რთული იქნება. ბევრ სენატორ-ცენტრისტს და მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ ეს კონსტიტუციური საკითხი არ არის და აბორტის ლეგალიზების საკითხი კონსტიტუციაში ჩაწერილი არ უნდა იყოს, რადგანაც მსგავსი ოპერაციების ჩატარება ისედაც აკრძლული არ არის.

ამიტომაც კანონპროექტში აბორტის „გარანტირებული თავისუფლება“ და არა „უფლება“ ჩაიწერა. აბორტის უფლების ჩაწერის წინააღმდეგ კონსერვატორები გამოდიან.

გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთის კონსტიტუციაში ქალთა აბორტის თავისუფლება იქნება ჩაწერილი, 2022 წლის ნოემბერში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით ქალთა მიერ თავისუფალ აბორტს მოსახლეობის 89%-მა მხარი დაუჭირა. აბორტები საფრანგეთში ჯერ კიდევ 1975 წელს დეკრიმინალიზებული იყო.