ჰააგა. იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ ძირითადად უარჰყო უკრაინის 2017 წლის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში “პრორუსი მეამბოხეების ფინანსური მხარდაჭერის” გამო. გაეროს უმაღლესმა სასამართლომ ოთხშაბათს ჰააგაში გადაწყვეტილებით, ასევე, დიდწილად არ დააკმაყოფილა სარჩელი ყირიმში უკრაინელებისა და თათრების დისკრიმინაციის შესახებ. სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის ბრალდებები არ იყო საკმარისად დასაბუთებული ორივე შემთხვევაში. მოსკოვს ახლა არანაირი კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს, ვინაიდან მოსამართლეებმა უკრაინის შესაბამისი მოთხოვნა უარჰყვეს.
ამასთან, გაეროს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მოსკოვმა არ შეასრულა 2017 წლის იურიდიულად სავალდებულო მითითება, როდესაც სასამართლომ ორივე მხარეს დაავალა, ყველაფერი გაეკეთებინათ კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად.
უკრაინამ რუსეთს გაეროს უმაღლეს სასამართლოში 2017 წელს უჩვლა, ანუ შარშანწინ რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციამდე დიდი ხნით ადრე, რუსეთის მიერ ტერორიზმის დაფინანსების აკრძალვის კონვენციის “დარღვევის” მოტივით. უკრაინის განცხადებით, რუსეთის აგრესია 2014 წელს დაიწყო დონბასში და ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსიასაც, კიევის რეჟმის ვერსიით, რუსეთი დღემდე ახორციელებს.
მოსამართლეებმა ახლა შეაფასეს მხოლოდ 2022 წლის სამხედრო მოვლენებამდე მომხდარი მოვლენები და განაცხადეს, რომ დონბასში მოსკოვის მიერ დაფინანსებული სავარაუდო ტერორიზმის შესახებ უკრაინის მიერ მოწოდებული მტკიცებულებები არასაკმარისი იყო. კონვენცია, რომელსაც სარჩელი ეყრდნობოდა, ასევე არ ეხება იარაღით მხარდაჭერას.
მოსამართლეებმა ასევე უარჰყვეს თითქმის ათი წლის წინ სამგზავრო რეისის MH17-ის ჩამოგდების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. 2014 წლის ზაფხულში მალაიზიის ავიახაზების “ბოინგი” ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინის სადავო ტერიტორიაზე. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი საბრძოლო რაკეტა იყო, სავარაუდოდ – საზენიტო. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ნიდერლანდების სასამართლომ, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, შემდგომში დაადგინა, რომ საზენიტო რაკეტა ვითომ რუსეთს ეკუთვნოდა და იგი აჯანყებულებმა ისროლეს. რუსეთი და დონეცკის რესპუბლიკის ხელისუფლება ამ ბრალდებას თავიდანვე უარჰყოფდა და საკუთარი მტკიცებულებები მოჰქონდა.
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მათი აღსრულების საშუალება არ აქვს. საერთაშორისო სააგენტო dpa აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი განაჩენი არის უკრაინის დამარცხება, რომელიც იმედოვნებდა მხარდაჭერის მოპოვებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაფართოებისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, სიმართლემ ნაწილობრივ მაინც გაიმარჯვა.
უკრაინა ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა სარჩელის მეორე ნაწილში. გაეროს მოსამართლეებმა ყირიმში უკრაინელებისა და თათრების მიმართ ეთნიკურ დისკრიმინაციაში ბრალდების მცირე საფუძველი დაინახეს.
კონფლიქტში, რომელიც უკვე თითქმის ათი წელია გრძელდება, რუსეთის წინააღმდეგ მეორე საქმე მიმდინარეობს, ასევე უკრაინის სარჩელის შემდეგ. კიევი რუსეთს გენოციდის კონვენციის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. მოსკოვმა უკრაინაზე თავდასხმა იმით გაამართლა, რომ უნდა მომხდარიყო რუსების წინააღმდეგ დაწყებული გენოციდის აღკვეთა. ამ პროცედურასთან დაკავშირებით პირველი წინასწარი გადაწყვეტილება პარასკევს მიიღება. გაეროს მოსამართლეები დაადგენენ, აქვთ თუ არა მათ უფლებამოსილება, გადაწყვეტილება მიიღონ შეტანილ სარჩელზე. სარჩელს მხარს უჭერს უკრაინის 32 დასავლელი გამქეზებელ-მოკავშირე.