თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ისრაელის დაზვერვის სამსახურის „მოსადისთვის“ ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სტამბოლსა და დასავლეთ ქალაქ იზმირში დაკავებები პოლიციისა და თურქეთის სადაზვერვო სააგენტოს MIT-ის ოფიციალური პირების ერთობლივი რეიდის შედეგად განხორციელდა. ასევე ცნობილია, რომ ერთი თვის წინ 34 ადამიანს, რომლებსაც „მოსადთან“ კავშირები ჰქონდათ, ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს.
BBC წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი გააფრთხილა „სერიოზული შედეგების“ შესახებ, თუ ის თურქეთის ტერიტორიაზე ჰამასის წევრებს თავს დაესხმება.
ცნობისთვის, თურქეთი – განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისა და ზოგიერთი არაბული სახელმწიფოსგან ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ ასახელებს.