ჰოლანდიის ანუ ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა განიხილავს სოციალური ქსელის Facebook-ის (კომპანია Meta-ს საკუთრება) ქვეყნის ტერიტორიაზე მთლიანად დახურვის შესაძლებლობას, რადგან სერიოზულად შიშობს, რომ პლატფორმა არ უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებას. ამის შესახებ გაზეთი De Telegraaf 5 თებერვალს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ თემაზე უკვე გაიმართა მოლაპარაკებები Meta-ს კომპანიებთან, თუმცა მათ სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ დაიწყო მზადება Facebook-ის აკრძალვისთვის და ამაზე მუშაობს მთავრობის ყველა წევრი.
„2017 წელს ჰოლანდიის მონაცემთა დაცვის ორგანომ დაადგინა, რომ Facebook არღვევს კონფიდენციალურობის კანონს ორ სფეროში – მომხმარებლების ინფორმირება და სენსიტიური მონაცემების დამუშავება. შემდეგ “მეტამ” კორექტირება მოახდინა, მაგრამ ამან პრობლემა არ გადაჭრა“, – თქვა ალექსანდრა ვან ჰოფელენმა, ჰოლანდიის შინაგან საქმეთა და სამეფო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა.
მან დაადასტურა, რომ მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ამუშავებს Facebook სენსიტიურ მონაცემებს მრავალი წლის განმავლობაში და უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ თემაზე. ამიტომ, კაბინეტის ოფისმა მონაცემთა დაცვის ორგანოს ჰკითხა, უსაფრთხო იყო თუ არა Facebook-ის გამოყენების გაგრძელება. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება.
მანამდე, 2023 წლის მაისში, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ დააჯარიმა Meta Platforms Inc. (აღიარებულია ექსტრემისტულად და აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში) 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით, ევროკავშირის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების არასაკმარისი დაცვის გამო. დუბლინის მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მონაცემების გადაცემით კომპანიამ „უგულებელჰყო მომხმარებელთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რისკები“. და ეს იმის მიუხედავად, რომ ევროპულმა სასამართლომ უკვე გააფრთხილა “მეტა” აშშ-ის ხელისუფლების მიერ გამოყენებული თვალთვალისგან ევროპელ მომხმარებელთა დაცვის ზომების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.
ამავდროულად, ირლანდიურმა მარეგულირებელმა ჯარიმა დააკისრა “მეტას” ამერიკულ კომპანია “ფეისბუქსაც” და დაავალა 746 მილიონ ევროზე მეტის გადახდა, მომხმარებლის ინფორმაციის დამუშავების წესების დარღვევისთვის.
2022 წლის მარტში მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება “მეტას”საქმიანობის დაუყოვნებლივ აკრძალვის შესახებ. “მეტას” კუთვნილი “ფეისბუქი” და “ინსტაგრამი” ასევე აიკრძალა რუსეთის ფედერაციაში. დაბლოკვის მიზეზი გახდა კომპანიის გადაწყვეტილება, ზოგიერთ ქვეყანაში არ დაბლოკოს მომხმარებელთა ძალადობრივი მოწოდებები რუსებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის მიმართ.
“iz.ru“