2008 წელს რაც მოხდა და რაც გააკეთა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მე შევაფასე როგორც ღალატი და შემიძლია, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„შემიძლია, ჩამოვთვალო ის ყველაფერი, რაც წინ უძღოდა 2008 წლის ღალატს. ეს იყო მათ შორის, მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მიკუთვნება, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. რა შეიძლება ამას დავარქვათ, თუ არა ღალატი. ეს მხოლოდ ერთჯერადი ღალატი კი არ იყო, თანმიმდევრულად მიდოდნენ ეს ადამიანები დიდი ღალატისკენ, რის საფუძველზეც ჩააბარეს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი – აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ფედერაციას. ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერეთ ხელი და იქ ჩაწერეთ, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები.
რა შეიძლება ამას დაერქვას, თუ არა ღალატი? თქვენ და თქვენი მედია ინტერესდებით ხოლმე, როგორ აფასებენ ჩვენს განცხადებებს რუსეთში. ჩვენთვის ეს არაა საინტერესო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაღაცებს დავარქვათ თავისი სახელი, რათა ასეთი დანაშაულები აღარ განმეორდეს. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე იმ ღალატთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ 2008 წელს ჩაიდინეთ“,- განაცხადა კობახიძემ.