ნაციზმთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა და ითქვა. დოკუმენტური ფილმებიც გადაიღეს და მხატვრულიც. 80 წელზე მეტია ვლაპარაკობთ ამ დაავადებაზე, არაადამიანურ მხეცობაზე, რომელიც ადამიანებად დაბადებულმა არაადამიანებმა არგუნეს მსოფლიოს და საბოლოოდ კაცობრიობის რისხვა, ფურთხი დაიმსახურეს.
არვინ მოელოდა ნაციზმის აღორძინებას, ვერვინ იფიქრებდა, რომ 1945 წლის მაისს, ფაშიზმის ბუდეზე გამარჯვებული საბჭოეთის “ნამგალ-უროიანი“ წითელი დროშის აღმართვის შემდეგ, ფაშიზმი, ნაციზმი თავს წამოჰყოფდა და ამ თავს ებრაული ფესვები ექნებოდა.
არვინ იფიქრებდა, რომ ნაციზმის აღორძინებას ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე, უკრაინაში ექნებოდა ადგილი. ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სამარცხვინო წარსული — მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველასთვის ცნობილია.
დიდი სამამულო ომის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, უკრაინელმა ფაშისტებმა, ბანდერელებმა ისე მჭიდროდ ითანამშრომლეს ჰიტლერელებთან, ისე მუყაითად შეასრულეს გერმანელი ნაცისტების დავალებები, რომ თვით დამრიგებლებიც შურით აღავსეს.
დოკუმენტური, ისტორიული მასალებიდან გამომდინარე ბანდერელთა მხეცობას საზღვრები არ ჰქონია, როდესაც გამხეცებული ბანდერელი ნაცისტი ორსულ ქალს მუცელს გაუფატრავს და ნაყოფს ნაკუწ-ნაკუწად დაჭრის, შემდეგ სიამოვნებით ირგვლივ მყოფ უკრაინელ ნაცისტებს, გამარჯვებულის სახით შეხედავს — ნახეთ, რა მაგარი ვარო. ასეთს, ადამიანს ვერ უწოდებ.
როდესაც ტყვედ ჩავარდნილ ახალგაზრდა რუს მეომარს, უკრაინელი „ბოევიკი“ ჯიბიდან მობილურ ტელეფონს ამოაცლის და მის მიერ მოკლული რუსის დედას დაურეკავს სიტყვებით — შენი შვილი ეს-ესაა ჩავაძაღლეო, არაფრით ჩამოუვარდება 80 წლის წინათ ჩადენილ დანაშაულს, ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილს.
ნაციზმის აღორძინებას არ ველოდით, მაგრამ აღორძინდა და არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც — ჯერ-ჯერობით მოკრძალებულად. ჯერ-ჯერობით. რა იქნება ხვალ? როგორ ხასიათზე იქნებიან აშშ-ს მიერ გამოზრდილი ევროპელი პოლიტიკოსები, გააგრძელებენ თუ არა ისინი ანტირუსულ ისტერიას, რუსოფობიას იმ მასშტაბით, როგორც დღეს, სხვა პოლიტიკურ ვითარებას ექნება ადგილი, ისეთს, ომის მოყვარული სამხედროები რომ ინატრებენ.
რომ იტყვიან — ევროპამ ხელი ხმალს იკრა და ომისთვის მოსამზადებლად ლამის სამთვიანი სამხედრო წვრთნები წამოიწყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე — ნატოს 90000-იანი არმიის მონაწილეობით.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, პისტორიუსმა სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ გერმანიამ მეტი თანხები უნდა მოახმაროს სამხედრო მშენებლობას, გერმანია მზად უნდა იყოს მოსალოდნელი ომისთვის.
იკითხავთ — ვინ აპირებს გერმანიასთან ან ბალტიისპირა ქვეყნებთან, პოლონეთთან, სხვებთან ომს?
მიმიხვდით, რუსეთი. სისხლის მსმელი პუტინი, რომელიც ყოველგვარი საბაბის გარეშე შეიჭრა უკრაინაში — დემოკრატიულ, სუვერენულ, სიტყვის თავისუფლების დამცველ ქვეყანაში, ფუმფულასა და ჭკვიანში, პატიოსნებისთვის მებრძოლში.
ამ პოზიტიური სიტყვებიდან ერთი მაინც რომ მიესადაგებოდეს დღევანდელ ნაცისტურ უკრაინას, მის ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა.
უკრაინა, არის ქვეყანა, რომელმაც კორუფციის თვალსაზრისით გაეროს 193 წევრი სახელმწიფო უკან ჩამოიტოვა და პირველ ადგილზე გავიდა. პირველია უკრაინა ტყუილების გამოგონება-გავრცელებაში და ამ საქმეში მას მხარს უჭერს და ფინანსურად ეხმარება ევროატლანტიკური სივრცე, კერძოდ დიდი ბრიტანეთი.
არც ერთი უკრაინული განცხადება არ ასახავს სინამდვილეს და გაჟღენთილია რუსეთის სიძულვილით. მაგალითების მოყვანა საჭირო არ არის, ვინაიდან შეუძლებელია დიდი მოცულობის გამო. ალბათ დადგება დრო, როდესაც უკრაინული ტყუილების ტომები გამოიცემა. ასეთი კი აუცილებელია, რათა ბრიყვმა საზოგადოებამ, მათ შორის ქართულმა, დაიჯეროს რანი არიან, უფრო სწორად რანი იყვნენ უკრაინის ფაშისტი მმართველები. ეს, იმ შემთხვევაში, თუ იქ, ხელისუფლებაში ნორმალური აზროვნების პოლიტიკოსები მივლენ და არა ისეთები, როგორებიც არიან ზელენსკი, ზალუჟნი, ერმაკი, პოდოლიაკი, არახამია, სირსკი, შმიგალი, სხვები და სხვები — ფაშისტური სულისკვეთებით აღვსილნი, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გამანადგურებლები, ავადმყოფი მატყუარები.
განა ავადმყოფური ტყუილი არ არის, როდესაც რუსულ არასამხედრო დანიშნულების თვითმფრინავს რაკეტებს დაუშენ და ჩამოაგდებ? განა ბოროტება, თანაც სადისტური არ არის, როდესაც იმ თვითმფრინავს ჩამოაგდებ, რომელშიც 65 უკრაინელი ტყვე იჯდა — უკრაინის მხარისთვის გადასაცემი და რუს ტყვეებში გასაცვლელი?
სადიზმი არ არის, როდესაც გახარებული უკრაინული მედია ტაშს უკრავდა თვითმფრინავის ჩამოგდებას? მედიამ მაშინ შეცვალა პოზიცია, როდესაც დასავლეთმა გაიშვირა ხელი უკრაინელთა ავკაცობისკენ.
და არა მარტო მედიამ, უკრაინელმა პოლიტიკოსებმაც, ზელენსკის ჩათვლით, ეიფორიული განწყობიდან, სამგლოვიაროზე გადასასვლელად ტყუილის გზა აირჩიეს და უტუხად დაიწყეს მტკიცება, რომ თვითმფრინავი თვით რუსებმა ჩამოაგდეს, მასში არ იყვნენ უკრაინელი ტყვეები და თუ იყვნენ, რუსეთმა რატომ არ გვაჩვენა დაღუპულთა გვამებიო?
რუსეთმა, რაც შესაძლებლობა ჰქონდა, ის აჩვენა მსოფლიოს — დაღუპულთა სხეულის დანაწევრებული ნაწილები, არე-მარეს მიმოფენილი, პირადობის დამადასტურებელი საბუთები. არ მჯერაო, — თქვა ზელენსკიმ და საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.
უკრაინაში არც ერთი დაწესებულება ისე მუყაითად არ მუშაობს, როგორც ჭორ-ბიურო. უკრაინელი „პოლიტიკოსები“ შეზრდილნი ჭორ-ბიუროსთან, შესაშურ ტყუილებს იგონებენ, მათ შორის ნატოს ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმას.
უკრაინა ხმამაღლა აცხადებს, რომ დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი გააგრძელებს ომს ევროპისკენ. უკრაინა არის ბარიერი, რომელიც იცავს ევროპას რუსული აგრესიისგან და იმისთვის, რომ ეს ბარიერი მტკიცე იყოს, ევროპა-ამერიკამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან უკრაინის დასახმარებლად.
უკრაინა ფულს ითხოვს — ფაშისტური ქვეყანა, რათა ომი გააგრძელოს რუსეთთან. დასავლეთს ფული შემოაკლდა და აღარ იცის, რით უშველოს უკრაინას. აშშ-ი ხელს ევროკავშირისკენ იშვერს, მოწოდებით — თქვენ უშველეთო. აშშ-ს ყურმოჭრილი მონა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიადგა — ფული დადეთ უკრაინისთვისო. და როდესაც ჯიუტი უნგრეთიდან უარი მიიღო, დაემუქრა მას — დაფიონანსებას შეგიწყვეტთ, კომპანიებს, რომლებსაც უნგრეთში ინვესტიციები აქვთ, გავაფრთხილებთ — შეწყვიტონ საქმიანობაო და ა.შ.
პატივცემულო მკითხველო! აი, ასეთ ევროკავშირში გვტენიან ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები?! რა დემოკრაიტაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ევროკავშირის მომსახურე პერსონალი ურსულასა და შარლ მიშელის სახით, არვის მიერ არჩეულნი, სუვერენულ, ვითომ სუვერენულ ქვეყნებს აძალებენ არაწევრი უკრაინისთვის ფულის დადებას და თუ არ დადებენ, მაშინ ბრიუსელი, ევროკავშირის შტაბ-ბინა მათ დასჯის!!!
აი, ასეთ კავშირში გვინდა შესვლა?! კავშირში, რომლის იდეოლოგია პირდაპირი მნიშვნელობით საჯდომზე გადის, ცხადია მამაკაცის, ქალისა რომ იყოს, რა გვჭირდა!
ევროკავშირის მთავარი იდეოლოგია ლგბტ-ობაა — ტრანსვესტიტობაა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა, ბავშვების სქესის შეცვლისთვის ოპერაციების გაკეთებაა, მშობლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათი გასამართლებაა, ნარკოტიკების ლეგალიზაციაა და სხვა მრავალი, რომელიც აქ მიუღებელია, მაგრამ თუ იქ გვინდა ყოფნა, მისაღები უნდა გახდეს.
იქაური ქუდის დახურვას მოგვთხოვენ — შესვლამდე, ანუ კანდიდატობის დროს. თუ ჩემი არ გჯერათ, შეხედეთ უკრაინას. მას ნაწილი ზემოაღნიშნული „ბედნიერებისა“ უკვე შეასრულებინეს — კანონმდებლობის დონეზე, ნაწილს ამჟამად ასრულებს ზელენსკი და მის მიერ დამონებული უკრაინა.
სწორედ ამის და უკრაინული ნაციზმის შესახებ აღწერა ამერიკელმა ჟურნალისტმა გონსალო ლირამ, რომელიც 2016 წლიდან ცხოვრობდა უკრაინაში. ცხოვრობდა! დღეს, აღარ ცხოვრობს! უკრაინელმა ნაცისტებმა წამებით მოკლეს. ის უკრაინულ ფაშიზმზე წერდა, რომელსაც ხელს აშშ-ი, კერძოდ პრეზიდენტი ბაიდენი აფარებს.
იკითხავთ — ნაციონალიზმი რატომ არის ცუდიო?
ნაციონალიზმი ნიშნავს მტკიცებას იმისა, რომ შენ კარგი ხარ! ნაციზმი კი იმას, რომ სხვაა ცუდი.
სააკაშვილის ნაცმოძრაობა უდავოდ ღრმად გაიდგამდა ფესვებს, მაგრამ არ დასცალდა, თუმცა მის მიერ შექმნილი პარტია დღესაც არსებობს და თუ კანონგარეშედ არ გამოცხადდა, ვინ იცის რა დღეში ჩავარდება ქვეყანა.
აქაურ ნაცთა გასახარად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სომხური ნაციზმი. ა.წ. 2 იანვარს ერევანში მათ გამართეს მარში, მიძღვნილი სომხეთის ფაშიზმის ლიდერის, გარეგინ ნჟდეს დაბადების დღის აღსანიშნავად. ეს პიროვნება ვერმახტის სომხური ნაციონალური ლეგიონის დამაარსებელი იყო, რომელიც გაასამართლეს ჰიტლერთან თანამშრომლობისთვის.
2 იანვრის ღონისძიება სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან სომხებისთვის ფაშისტი ნჟდე სახელის აღორძინება გაცილებით ადრე დაიწყო და ლამის ყველა მსხვილ 17 ქალაქში მისი ძეგლები დაიდგა.
ქ.გიუმრიში, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, დიდი ხანია დგას ნჟდეს ძეგლი. არის მისი სახელობის ქუჩები და მოედნები.
ზემოაღნიშნული ღონისძიება, მასში ამერიკელი სომეხის მონაწილეობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს აშშ-ს სპეცსამსახურები, აშკარა მანიშნებელია მზაკვრული გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს ამიერკავკასიაში არეულობის მოწყობას, რუსეთის ამ რეგიონიდან განდევნას და აშშ-ს პოზიციების განმტკიცებას, რისთვისაც ნაციზმის, ფაშიზმის გამოყენება უცხო არ არის. განა ასეთს ადგილი არ აქვს უკრაინაში?!
საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ზომაზე მეტად მჭიდრო ურთიერთობა აქვს ფაშინიანის ხელისუფლებასთან, რის შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გვახარა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს, აქვს თუ არა ინფორმაცია აღნიშნული ფაშისტური ღონისძიების შესახებ და თუ აქვს, ჰქონდა თუ არა სტუმართან ამ თემაზე ლაპარაკი?
პასუხის გაცემა ძნელია, ისე, როგორც იმის დადგენა, იყო თუ არა ასეთი ლაპარაკი.
ღარიბაშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი. ის, პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულმა, ივანიშვილმა გაათავისუფლა თანამდებობიდან. მიზეზი?
მიზეზი არვინ იცის, ისე, როგორც არვინ იცის რა სახელმწიფო გვაქვს. რა ჰქვია ქვეყანას, რომლის პირველ პირს მილიარდერი, საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი, საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხსნის და ნიშნავს!
ხალხი არავის ახსოვს, მას ანგარიშს არვინ აბარებს. არც უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არც მილიარდერი ივანიშვილი. ხალხს ა.წ. ოქტომბერში გაიხსენებენ, საპარლამენტო არჩევნების წინ და ბოსტნეულით, ხახვით, ნივრით, კარტოფილით დაასაჩუქრებენ.
ხალხიც, თავმოყვარეობადაკარგული, მიიღებს „საჩუქარს“. ის, მიეჩვია ასეთს! მას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია, ხვალინდელ ქათამს — დარწმუნებულს, რომ ქათამი არ იქნება.
რამდენ ასეთ „ქათამს“ დაჰპირდა ივანიშვილი ხალხს 2012 წელს?!
დაპირება-დაპირებად დარჩა. ივანიშვილი პოლიტიკას გაერიდა და როგორ მიაკითხავდა ხალხი? ივანიშვილი მეორედ, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გამოჩნდა და ისევ დაგვპირდა.
დაპირება არ შესრულდა, ვინაიდან დამპირებელი ივანიშვილი გაუჩინარდა. ბაობაბებში გაიხლართა. მან ამ ხის აფრიკიდან გადმოტანა, ქვეყნის პრობლემებზე მაღლა დააყენა.
ივანიშვილის მესამედ მოსვლა ხელისუფლების ცვლით არის განპირობებული. მას ჰგონია, რომ ამ პრიმიტიული მანევრებით, ხალხის ყურადღებას გადაიტანს ყოველდღიური პრობლემებიდან, სამთავრობო ცვლილებებზე.
ხალხს სეირის ყურების შანსი გაუჩნდა და ისიც სიამოვნებით, ხელის ფშვნეტით, ეგებება მთავრობის ცვლილებებს, ჭორიკნობით გულს იოხებს. ცვლილებების შემდეგ, ახალ პრემიერსა და მინისტრებს შეხედავს — საჭორიკნოდ. ამასობაში არჩევნებიც მოვა და მისი შედეგებით იჭორიკნებს.
ივანიშვილი თავს დაგვიკრავს და ისევ გაუჩინარდება. და ასე გაგრძელდება სამარადისოდ კუკუმალობანა, ანუ ვიდრე ივანიშვილი ცოცხალი იქნება.
მისი იმ ქვეყანაში წასვლის შემდეგ, ივანიშვილის შვილებიდან რომელიმე გააგრძელებს მამის საქმეს. ქვეყანას ხომ უპატრონოდ არ დატოვებენ?!
ქატო იქა, ფქვილი აქა …
ვაშა დემოკრატიულ, სუვერენულ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ საქართველოს!
ჰამლეტ ჭიპაშვილი