ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პუტინმა მიანიშნა, რომ რუსეთს ევან გერშკოვიჩის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიანიშნა, რომ რუსეთს The Wall Street Journal-ის დაკავებული ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს.

„ჩვენ კეთილი ნების იმდენი ჟესტი გვქონდა, რომ ყველა ლიმიტი ამოვწურეთ. არც ერთხელ ანალოგიური ჟესტებით არავინ გვიპასუხა. თუმცა, პრინციპში, მზად ვართ [გერშკოვიჩის გათავისუფლებისთვის], თუ პარტნიორების მხრიდან შემხვედრი მიმართულებით მოძრაობა იქნება. პირველ რიგში, სპეცსამსახურებს ვგულისხმობ. ეს ადამიანი დააკავეს, როდესაც ის საიდუმლო ინფორმაციას იღებდა – ეს ჯაშუშობაა. არ ვიცი, შეიძლება ამ საქმეში ვიღაცამ ჩაითრია, ან ეს გაუფრთხილებლობით გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჯაშუშობაა“, – აღნიშნა პუტინმა.

ტაკერ კარლსონის კითხვაზე, რა უშლის ხელს პატიმრების გაცვლას, როგორც ეს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, პუტინმა განაცხადა, რომ არიან ადამიანები, „რომლებიც არ არიან დაკავშირებულები სპეცსამსახურებთან და ერთ-ერთი ასეთია ადამიანი, რომელიც აშშ-ის პარტნიორ ქვეყანაში იხდის სასჯელს.

„ეს ადამიანი არ არის დაკავშირებული სპეცსამსახურებთან. მან, პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მოკლა ბანდიტი, რომელიც კავკასიაში ცნობილი მოვლენების დროს რუს ჯარისკაცებს სასტიკად უსწორდებოდა. გამოჩნდა პატრიოტი, რომელმაც ის ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მოკლა“, – აღნიშნა პუტინმა.

2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ „ეფესბეს“ ოფიცერს, ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 2023 წლის 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა. ევან გერშკოვიჩს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.