ირაკლი ქარქაშაძე – ქუთაისის აეროპორტში მყისიერად მოხდა მგზავრების ევაკუაცია, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს მუშაობა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მგზავრების ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა.

„აფრენიდან დაახლოებით 5-10 წუთში ჩვენმა ოპერირების სამსახურმა ეკიპაჟისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგან საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. ყველა პროცედურის მიხედვით მოხდა შესაბამისი სამსახურების მობილიზება. ქუთაისის აეროპორტში დაფრინდა აღნიშნული საჰაერო ხომალდი და მყისიერად მოხდა მგზავრების ევაკუაცია. აეროპორტების ოპერირების მხრივ, ჩვენი კომპეტენცია დასრულებულია და ყველა შესაბამისი სამსახური უკვე მობილიზებულია, მუშაობენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყველა ინსტიტუცია არის ინფორმირებული. მიმდინარეობს დამატებითი საჰაერო ხომალდის შემოწმება და ველოდებით შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. აეროპორტის ცნობით, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციის მიღება იყო.