პროტესტი დასავლურ დერმოკრატიას: რუსი მხატვარი მზადაა, რემბრანდტის და პიკასოს შედევრები გაანადგუროს, თუკი ჯულიან ასანჟი ციხეში მოკვდება

რუსმა მხატვარმა-კონცეპტუალისტმა, ანდრეი მოლოდკინმა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, გამოაცხადა, რომ მზადაა, გაანადგუროს 16 ხელოვნების ნიმუში, მათ შორის პაბლო პიკასოს, რემბრანდტისა და ენდი უორჰოლის ნამუშევრები, თუკი WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ციხეში მოკვდება. ამის შესახებ Sky News იტყობინება.

მხატვრის თქმით, მის მიერ შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების ჯამური ღირებულება 45 მილიონ დოლარს აჭარბებს, ისინი ახლა სპეციალურ 29 ტონიან სეიფში ინახება. სარდაფს შიგნით, ნახატების ყუთებთან ერთად, განთავსებულია პნევმატური ტუმბო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ კასრს – ერთს მჟავა ფხვნილით და მეორეს კატალიზატორით, რომელთაც შეუძლიათ, გამოიწვიონ ქიმიური რეაქცია, საკმარისად ძლიერი, რომ სეიფის შიგთავსი ნაგვად გადააქციოს, – აცხადებს მოლოდკინი.

მხატვრის აქცია არის პროექტის ნაწილი, სახელწოდებით Dead Man’s Switch (“მიცვალებულის გამომრთველი”). მას მხარს უჭერს ასანჟის მეუღლე სტელა, რომელსაც მანამდე არაერთხელ უსაუბრია მეუღლის მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბრიტანეთის ციხეში.

„ჩვენს კატასტროფულ დროში, როდესაც მსოფლიოში ამდენი ომია, ხელოვნების ნიმუშების განადგურება ბევრად უფრო დიდ ტაბუს წარმოადგენს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის განადგურება. მას შემდეგ, რაც ჯულიან ასანჟი ციხეში ჩასვეს, გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციის თავისუფლება სულ უფრო და უფრო იზღუდება. ახლა ძალიან მძაფრად მაქვს ეს განცდა“, – აღნიშნა ანდრეი მოლოდკინმა Sky News-ის კომენტარში.

მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი დასახელების ხელოვნების ნიმუშები ინახება მის სეიფში, მაგრამ გარანტირებულად ამბობს, რომ იქ, პიკასოს, რემბრანდტისა და უორჰოლის ნამუშევრების გარდა, ინახება მე-20 საუკუნეში და თანამედროვეობაში მოღვაწე მხატვრების ნამუშევრები. ეს მხატვრებია: იასპერ ჯონსი, იანის კუნელისი, რობერტ რაუშენბერგი, სარა ლუკასი, სანტიაგო სიერა, ჯეიკ ჩეპმენი და თავად მოლოდკინი.

„თუ რამე მოხდება და ჩვენ გავანადგურებთ რომელიმე შედევრს, ის თავისთავად წაიშლება ისტორიიდან – ვერავინ გაიგებს, რომელი ნახატი იყო. ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტაცია, ფოტოზე დავაფიქსირეთ თითოეული მათგანი“, – დასძინა მოლოდკინმა. სეიფი ამჟამად მხატვრის სახელოსნოში, სამხრეთ საფრანგეთშია განთავსებული.

მოლოდკინის თქმით, სარდაფს აქვს 24-საათიანი ტაიმერი, რომელიც ყოველდღიურად უნდა გადაიტვითოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ნივთიერებათა რეაქცია სეიფს შიგნით. მხატვარი ყოველდღიურად უკან სწევს დროს Dead Man’s Switch-ის ტაიმერზე, მას შემდეგ, რაც ასანჟის ახლობლებისგან იღებს დადასტურებას, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია ციხეში. თუ ჯულიან ასანჟი გათავისუფლდება ციხიდან, ნამუშევარი დაუბრუნდება მფლობელებს და კოლექციონერებს, რომლებმაც ის გადასცეს მხატვარს პროექტისთვის, – დასძენს მოლოდკინი. მხატვრის თქმით, ის „არანაირ ემოციას არ განიცდის“, თუ ხელოვნების ნიმუშები განადგურდება, რადგან „თავისუფლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“.

მილანის გალერეაში, Giampaolo Abbondio, უკვე დაადასტურეს, რომ მოლოდკინს ნებაყოფლობით გადასცეს პიკასოს ერთ-ერთი ნახატი.

შეგახსენებთ, რომ ჯულიან ასანჟმა, “ვიკილიქსის” დამაარსებელმა, 2010 წელს უამრავი დოკუმენტი გაასაჯაროა, რომლებიც შუქს ჰფენენ შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების მმართველთა უკანონო ბრძანებებს და დანაშაულებრივ პოლიტიკას. 2012-2019 წლებში ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იყო თავშეფარებული. ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ გაუუქმა თავშესაფარი და ასანჟი ბრიტანულ პოლიციას გადასცა. მას შემდეგ, ასანჟი ბრიტანულ ციხეშია და აშშ-ში ექსტრადირებას ელის, სადაც მას 175-წლიანი აბსურდული ამერიკული, არაადამიანური სასჯელი, ანუ სიცოცხლის ბოლომდე სატანჯველი ემუქრება.