უნგრეთმა ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ დაბლოკა – FT

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დაწესებას ბლოკავს, – ამის შესახებ უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუჭირა მხარი სანქციების მე-13 პაკეტს, სანქციები უნდა დაწესებოდა 200-მდე ფიზიკურ პირს და სუბიექტს რუსეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, ეხმარებოდნენ მოსკოვს სამხედრო ოპერაციებში.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დათანხმდა ახალ სანქციებს სიაში ჩინური კომპანიების არსებობის გამო.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, უნგრეთის ელჩმა „ცოტა მეტი დრო ითხოვა წინადადების შინაარსის გასაანალიზებლად“.

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ დისკუსიები სანქციების პაკეტზე გაგრძელდება და სავარაუდოა, რომ წევრი ქვეყნების მინისტრები ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ.

სანქციების პაკეტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალ ოთხშაბათს მიაღწევენ, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების მეორე წლისთავზე, 24 თებერვალს, სანქციების პაკეტი მზად იყოს.