დღეს ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა – მისი მეგობარი, რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი ემოციურ მიმართვას აქვეყნებს

რეჟისორი და მსახიობი დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ზურა ბერიკაშვილის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს:

“სადღაც ნოემბრის თვის დასაწყისში, ჩემთან მოვიდა რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობი და ერთი ახალგაზრდა რეჟისორი, ბატონო დიმა – 16 თებერვალს ზურიკო 55 წლის ხდება და გვინდა რაღაც იუბილეს მსგავსი მოვუწყოთ და იქნებ დაგვეხმაროო. იცოდნენ, რომ თვითონ უარს ეტყოდა და ცდილობდნენ ჩემთან რაღაც ისეთი გამოსავალი მოეძებნათ, რომ ღირსეული საღამოც გამართულიყო და იუბილარიც მაქსიმალურად არ შეეწუხებინათ. ერთ-ერთმა მითხრა კიდეც, მთავარია მან იგრძნოს, როგორ გვიყვარსო…

ხვალ სწორედ 16 თებერვალია, შენ 55 წლის ხდები და დარწმუნებული ვარ, გრძნობ იმ უზარმაზარ სიყვარულს, რაც შენი უეცარი ავადმყოფობის შედეგად, ამოხეთქე ნაცნობისა თუ უცნობის გულში. 28 დეკემბრიდან არ ყოფილა საათი, წუთი, წამი შენზე არ ვფიქრობდეთ, შენი ჯანმრთელობისთვის არ ვლოცულობდეთ. თუმცა ჩვენ, შენი ოჯახის წევრები ვართ და რა არის გასაკვირი, ასე რომ ვიქცევით, სრულიად უცხო ადამიანები ლოცულობენ შენი გამოჯანმრთელებისთვის. ყოველთვის ასხივებდი სიკეთესა და სიყვარულს, ასეა ამ წუთამდეც, ასე იქნება სანამ ცოცხალი ხარ და შენ ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა იცოცხლო. ცის გახსნასავით ველოდები ხვალინდელი დღის გათენებას.

გისურვებ ბერიკ ძმაო, შენი ახალი დაბადების დღეც, ნაღდი დაბადების დღიდან დაიწყოს. სხვა უფლება უბრალოდ არ გაქვს. ამდენი ადამიანის მოლოდინსა და სიყვარულს გამართლება უნდა. ყოველთვის უმართლებდი ყველას იმედს, იმედია ამ რთულ ბრძოლაში გამარჯვებული გამოხვალ და შენი გამორჩეული კეთილშობილებითა და კაცთმოყვარეობით დაუბრუნდები შენს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თეატრს და უზარმაზარ ჯარს კეთილის მსურველებისას. როცა ასეთი სიყვარულია რა უფლება გაქვს სხვაგვარად მოიქცე? ბერიკ კიდევ ერთხელ გილოცავ და გელოდებით ყველა ჯანმრთელსა და საღსალამათს, შენი პოზიტიურობითა და თვითირონიით, იუმორითა და გადამდებლობით, შენი სიკეთით…

p.s. ეს ფოტო 28 ნოემბერსაა გადაღებული მადრიდში, ზუსტად ერთი თვით ადრე იმ გაუგებარ დღემდე.