უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ხელმოწერის ცერემონია უკრაინის პრეზიდენტის,  ზელენსკის და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის მონაწილეობით გაიმართა.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შოლცმა ზელენსკისთან ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მათ უკან ასევე დგანან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტთან უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ.

„ისტორიული ნაბიჯი. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიული ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, გერმანიამ უკრაინის 1.1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების შესახებ განაცხადა. გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიამ აიღო ვალდებულება, უკრაინას ჯამურად 28 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს.