ნიკა გვარამია თავისი გუნდის შიგნით უფრო მეტ გავლენაზე ვაჭრობს, რაც, მგონია, სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური ამბავია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ნიკა გვარამიას არც მანამდე ეთაკილებოდა ხელისუფლების კრიტიკა და არც მერე ითაკილებს.
„მარტო ნიკა გვარამია არ არის ის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლებაში იყო, იქ ყველაფერი იდეალურად არ ხდებოდა და დღესაც იმავე საქმეს წარმოადგენენ, ამიტომ არ ველოდები, რომ განსაკუთრებული ფერისცვალება დაიწყება ნიკა გვარამიასი ან „ნაცების“. წარმოიდგინეთ, თქვენ გამოდიხართ ციხიდან, ციხეში შესვლამდე იყავით პირწავარდნილი „ნაცი“, „ნაცების“ მთავარი პროპაგანდისტი, ციხიდან გამოხვედით და იძახით, „ნაცი“ არ ვარო. ხვდებით მიშას და თან გამოდის ინფორმაციები, რომ თქვენს პირობებს აყენებთ „ნაცებში“. ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმურია, ეს ვაჭრობად ჩავთვალოთ ფულზე, პარლამენტის სიებზე ან ორივეზე ერთად. სხვა დაშვება – პირობითად, ციხიდან გამოხვედი შეწყალების შედეგად, უცბად „ნაცებს“ გაემიჯნე, ბევრად უფრო მეტ კითხვებს აჩენს იმაზე, „ქოცებმა“ ხომ არ გადაგიბირეს და წინასაარჩევნოდ ხომ არ გამოგიშვეს, რათა „ნაცებს“ წაართვა მთავარი პროპაგანდისტული საშუალება? აქედან გამომდინარე, ჩემი ეჭვი ვაჭრობასთან დაკავშირებით ბევრად უფრო მორალურია და სრულიად ბუნებრივად ასახავს იმ პირობას, რომ ნიკა გვარამია კი არ გადახტა „ქოცებთან“, არამედ თავის გუნდის შიგნით უფრო მეტ გავლენაზე ვაჭრობს, რაც, მგონია, რომ სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური ამბავია“, – განაცხადა ხვიჩიამ.