“რუსთავის ჩრდ. დასავლეთ პერიფერიაზე მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელიც 2023 წელსაა მომზადებული.
ბიულეტენში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის ცალკეულ უბნებზე და იაღლუჯის ნაგავსაყრელი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
“მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია ქ. რუსთავის ჩრდ. დასავლეთ პერიფერიაზე, ახალი დასახლების უბანზე, თბილისი წითელი ხიდის ავტომაგისტრალის ცალკეულ უბნებზე, იაღლუჯის ნაგავსაყრელი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. მტკვრის ხეობის მარჯვენა ფერდის არეალში”, – ნათქვამია ბიულეტენში.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საშიშროების შემცველ მონაკვეთებზე და რეგიონთან დაკავშირებით გაცემულია გარკვეული რეკომენდაციებიც.
“ქვემო ქართლის მხარეში დასახლებული პუნქტების, ინფრასტრუქტურული ობიექტების და ს/ს სავარგულების სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, აუცილებელია სტიქიური გეოლოგიური პროცესების ახალი კერების და უბნების ფორმირების და არსებული აქტივიზაციის უბნებსა და კერებში, ჩატარდეს მონიტორინგული დაკვირვებები, რათა დადგინდეს ყველა საშიში გეოლოგიური პროცესის ხასიათი, მათი განვითარება და ციკლურობა. კონკრეტულ უბნებზე, ქმედითი დაცვითი ღონისძიებების შესამუშავებლად, აუცილებელია ჩატარდეს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების სრული დაცვით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ინფო რუსთავი