ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას NDI ავრცელებს.
„მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით. ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს“, – აცხადებენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტში.
მათივე ცნობით, შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.
19-23 თებერვალს NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებს გაუძღვებიან: შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი; სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი; სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი დენიელ გოტფრიდი; NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი ევა ბუჟა და NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი რიჩარდ კლაინი. შეხვედრებს ასევე დაესწრება NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.
ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
„დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეთა ჩართულობა, გენდერი და ინკლუზიის თემები, პოლიტიკური პარტიები და კამპანიის პროცესი.
აღნიშნული შეხვედრები NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის პირველ ფაზას წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი, დამატებით, მეორე წინასაარჩევნო დელეგაციას, გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფსა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციას მოიცავს.
NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდება. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში“, – აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში.