ევროკომისიამ ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილი სოციალური ქსელის, „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილი სოციალური ქსელის, „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო. როგორც სააგენტო „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, ევროკომისია „ციფრული მომსახურების აქტის“ (DSA) ფარგლებში სწავლობს, საკმარისი ზომები მოქმედებს თუ არა პლატფორმაზე ბავშვების დასაცავად.

„არასრულწლოვანთა დაცვა არის „ციფრული მომსახურების აქტის“ აღსრულების მთავარი პრიორიტეტი. როგორც პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია მილიონობით ბავშვისთვის და მოზარდისთვის, სრულად უნდა შეესაბამებოდეს DSA-ს მოთხოვნებს“, – აღნიშნავს შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარი ტიერი ბრეტონი დოკუმენტში.

აქტის წესების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, „ტიკ-ტოკს“ ჯარიმის სახით შესაძლოა, მისი გლობალური ბრუნვის 6%-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

ეს არის ევროკომისიის მიერ „ციფრული მომსახურების აქტის“ ფარგლებში დაწყებული მეორე გამოძიება. გასული წლის ბოლოს კომისიამ ევროკავშირის შიგნით მოქმედი რეგულაციების შესაძლო დარღვევის გამო ილონ მასკის კომპანია X-ის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. ევროკავშირის „ციფრული მომსახურების აქტი“ მსხვილი ონლაინ-პლატფორმების მუშაობას არეგულირებს. 2023 წლის აგვისტოდან ის ვრცელდება ონლაინ-პლატფორმებზე, რომლებსაც ევროკავშირში 45 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ.