ნანა კაკაბაძე: დაშინებულმა ევროპელებმა თავის ხელში აიღეს უკრაინის დაფინანსების ინიციატივა და ამ საქმეში ლიდერად გერმანია მოგვევლინა

ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად შეფერხდა ფინანსური ნაკადების მოძრაობა უკრაინისათვის, მისი მთავარი დამფინანსებლის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. დაშინებულმა ევროპელებმა თავის ხელში აიღეს უკრაინის დაფინანსების ინიციატივა და ამ საქმეში ლიდერად გერმანია მოგვევლინა – წერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძე ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზით ხსნის – ჯერ ერთი, გერმანია ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს იხდის ნატოს ბიუჯეტში. გერმანიის მხრიდან რუსეთის N1 მტრად და უკრაინის N1 დამცველად ქცევა, შესაძლოა, სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული – არ არის გამორიცხული, რომ ქვეცნობიერად დღევანდელი გერმანია უკრაინის ომს განიხილავდეს მე-2 მსოფლიო ომის გაგრძელებად.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, პანიკაში მყოფი ნეოლიბერალები, შესაძლოა, ემზადებიან, რომ ლიბერალური ფაშიზმის ცენტრმა და აღქმულმა ქვეყანამ ამერიკიდან ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, გერმანიაში გადმოინაცვლოს.

„კონსერვატორები, ლიბერალები და უკრაინა ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად შეფერხდა ფინანსური ნაკადების მოძრაობა უკრაინისათვის, მისი მთავარი დამფინანსებლის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. თითქმის 3 თვეა ბაიდენსა და კონგრესს შორის მიმდინარეობს ბრძოლა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე. ამასობაში უკრაინელები ბრძოლის ველზე მარცხს მარცხზე განიცდიან და აშშ-ს და მთელ დასავლეთს ამუნათებენ, ეს იმის ბრალია, რომ საკმაო რაოდენობის თანხას არ გვაძლევთ, რომ რუსების დამარცხებისთვის საჭირო ოდენობის საბრძოლო მასალა შევიძინოთო. ამას დაემატა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ნატოს წევრებს თავდაცვაში ის მხოლოდ გარკვეული პირობით დაეხმარება. კონკრეტულად კი, ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად ნატოს ბიუჯეტში არ შეიტანს დადგენილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, მას საჭიროების შემთხვევაში აშშ არ დაეხმარება, პირიქით, მათზე თავდამსხმელს (იგულისხმება რუსეთი) წააქეზებს კიდეც. არადა, ამ 2%-ს ნატოს ბიუჯეტში თურმე ნატოს წევრების 2/3 არ იხდის. ამ ყველაფრით დაშინებულმა ევროპელებმა თავის ხელში აიღეს უკრაინის დაფინანსების ინიციატივა და ამ საქმეში ლიდერად მოგვევლინა გერმანია.

ამას თავისი მიზეზები აქვს: ჯერ ერთი, გერმანია ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს იხდის ნატოს ბიუჯეტში.როდესაც საქმე ეხება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის (ნავთობი, გაზი და ა. შ.) აკრძალვას, ის ამას პატიოსნად ასრულებს და არც შიდა პრობლემების შექმნაზე ამბობს უარს. გერმანიის მხრიდან რუსეთის N1 მტრად და უკრაინის N1 დამცველად ქცევა შესაძლოა სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული. არ არის გამორიცხული, რომ ქვეცნობიერად დღევანდელი გერმანია უკრაინის ომს განიხილავდეს მე-2 მსოფლიო ომის გაგრძელებად. მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ სტალინი იმ ომში ნაციზმის და ფაშიზმის დამარცხების ლოზუნგით იბრძოდა, ხოლო რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ომის დასრულების პირობად სწორედ დენაციფიკაციას ასახელებს.

მართალია, დღევანდელ გერმანიაში ნაციზმის მიმდევრობა და ქადაგება დანაშაულადაც კი ითვლება, მაგრამ არ შეიძლება, რომ მე-2 მსოფლიო ომში დამარცხების სიმწარე ამ ომში დამარცხებულების შთამომავლებში გენეტიკურად, თუნდაც ქვეცნობიერად არ აღვივებდეს რუსეთზე შურისძიების და რევანშის აღების გრძნობებს, მით უმეტეს, როდესაც იმ ომის შემდეგ ისტორიული გერმანული მიწები რუსეთის, პოლონეთის და ევროპის სხვა ქვეყნების შემადგენლობაშია.

გერმანელების ეს გრძნობები და რევანშისტული მისწრაფებები, მართალია ვერ იქნება ღიად გამოხატული, მაგრამ შეიძლება შეფუთული იყოს სხვადასხვა კეთილშობილური ფორმებით. მაგალითად, რუსეთზე შურისძიების სურვილი შეიძლება შეიფუთოს აგრესიის მსხვერპლი უკრაინის დახმარების მოტივით, ან ადამიანის უფლებებისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებისათვის ბრძოლით და ა. შ. მით უმეტეს, რომ დღეს ყველა ფსევდოლიბერალს მთელ მსოფლიოში აქვს პანიკური შიში, რომ აშშ-ში გაიმარჯვებენ კონსერვატორული ძალები და პრეზიდენტი ტრამპი შეასრულებს თავის დანაპირებს ფსევდოლიბერული ფაშიზმის შეზღუდვისა და აღმოფხვრის მიმართულებით, რაც ამ უკანასკნელებისთვის სრული კოშმარი იქნება. ამიტომ, პანიკაში მყოფი ნეოლიბერალები, შესაძლოა, ემზადებიან, რომ ლიბერალური ფაშიზმის ცენტრმა და აღქმულმა ქვეყანამ ამერიკიდან ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, გერმანიაში გადმოინაცვლოს.

გერმანია კი, მისი ლიდერის ოლაფ შოლცის სახით, ამ ეტაპზე აცხადებს თანხმობას, რომ მისი ქვეყანა იქცეს სწორედ ასეთ ცენტრად, პარალელურად კი ასეთ შემთხვევაში მას სურდეს თავისი ქვეყნის საუკუნის წინანდელი დიდების აღდგენაც, მე-2 მსოფლიო ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც და რუსეთის წინააღმდეგ რევანშის აღებაც. ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ ასეთი კითხვის ნიშნების საფუძველს გერმანიის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა იძლევა“ – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.