ასობით უკრაინელი ჯარისკაცი ქაოტური უკან დახევისას ტყვედ ჩავარდა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა – ამის შესახებ წამყვანი ამერიკული გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” იუწყება. სტატიის ავტორთა აზრით, ავდეევკას დაცემა უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება, აღმოჩნდეს, ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა, რადგან უკრაინამ ახლა ჯარში დაქვეითებული საბრძოლო მორალის ასამაღლებლად და გაწვევის გასაძლიერებლადაც უნდა იბრძოლოს.
მაღალი რანგის დასავლელი მოხელეებისა და უკრაინელი ჯარისკაცების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასეულობით უკრაინელი ტყვე და უგზო-უკვლოდ დაკარგული აღირიცხება რუსული ჯარების შეტევის შემდეგ, რასაც უკრაინელთა ქაოტური უკან დახევა მოჰყვა ქვეყნის აღმოსავლეთის ქალაქ ავდეევკიდან. ეს არის დამანგრეველი დანაკარგი, რომელიც ისედაც დასუსტებულ სამხედრო მორალს დამატებით დარტყმას აყენებს.
რუსეთის არმიის მიერ ავდეევკის აღება უკრაინისთვის კიდევ ერთი სიმბოლური დანაკარგია და იმის ნიშანი, თუ რამხელა ზეგავლენა იქონია აშშ კონგრესში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვის გაცემის ჩავარდნამ. უკრაინის საარტილერიო ჭურვების მარაგი იწურება და, ამიტომაც, უფრო რთული გახდება ფრონტის ხაზის შეკავება.
იმის შეფასება, თუ რამდენი უკრაინელი იქნა დატყვევებული ან რამდენია დაკარგული, მერყეობს და ზუსტი ციფრის დასახელება, ალბათ, შესაძლებელი არ იქნება, ვიდრე უკრაინა ახალ თავდაცვის ხაზებს არ გაამაგრებს. ორი უკრაინელი ჯარისკაცის ინფორმაციით, რომლებიც უკრაინის უკან დახევის შესახებ ინფორმაციებს ფლობენ, მათ რიცხვს 850-იდან 1000 კაცის ფარგლებში ასახელებენ. ამ ვარაუდს დასავლელი მოხელეებიც ამყარებენ.
ამერიკული წყაროები, ამავე დროს, აღნიშნავენ, რომ ავდეევკას დაკარგვა არ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარტყმა უკრაინისთვის და რუსეთის წინ წაწევა აღმოსავლეთ უკრაინაში უცილობლად უკრაინული ფრონტის ხაზების რღვევას არ გამოიწვევს; ასევე არის ვარაუდი, რომ მოსკოვს არ ძალუძს, ახალი დიდი შეტევა წამოიწყოს – ასე დამამშვიდებლად ასრულებს სტატიას ამერიკული გაზეთი, თუმცა ალბათ, საკუთარი თავის არ სჯეროდათ, როდესაც ამ აბზაცს წერდნენ.