ირაკლი კობახიძე – მივიღებთ ზომებს, რომ გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი აშენდება, ეს ყველაზე მეტად მიესადაგება როგორც სახელმწიფო, ასევე კოლექტივის ინტერესებს

მიღებული იქნება ზომები, რომ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ყველაზე მეტად მიესადაგება როგორც სახელმწიფო, ასევე კოლექტივის ინტერესებს.

ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ექიმებს და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს.

„მიღებული იქნება ზომები, რომ ამ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი აშენდება. შესაბამისად, ეს არის გადაწყვეტა, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე მეტად მიესადაგება, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, ასევე კოლექტივის ინტერესებს. მადლობას გადავუხდი ექიმებს, რომლებიც ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად უყურებდნენ ამ საკითხს, ჰქონდათ ძალიან რაციონალური წინადადებები და სწორედ ამ მიდგომამ მოგვცა, საბოლოო ჯამში, სწორი პოზიციის შეჯერების საშუალება. მადლობას ვეტყვი ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, რომელსაც ანალოგიურად ჰქონდა ძალიან საქმიანი მიდგომა. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, ყველა ერთად შევჯერებულიყავით ოპტიმალურ გადაწყვეტაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიღწეული იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანი, ამოცანა – ეს არის ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. სრულად იქნება დაცული კოლექტივის ინტერესები. საბოლოო ჯამში, სწორი ბალანსი, რომელიც გვინდოდა, გამოგვენახა ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მივიღეთ საუკეთესო გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების კომპენსაციასთან დაკავშირებით, გაუქმდება თუ არა შეთავაზება იმ ექიმებისთვის, რომელთაც კომპენსაციაზე ხელი აქვს მოწერილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დეტალებზე უახლოეს დღეებში კოლექტივთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერდებიან.

„რეორგანიზაცია მთლიანად გაჩერდება. ბუნებრივია, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია მომზადდება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, გვექნება დეტალური საუბარი როგორც საავადმყოფოს კოლექტივთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. დეტალებს შევაჯერებთ უახლოეს დღეებში. საავადმყოფომ სრული დატვირთვით რომ გააგრძელოს მუშაობა, ამისთვის პრობლემები არ უნდა შეიქმნას. საავადმყოფოს საქმიანობის უწყვეტობა რომ იყოს უზრუნველყოფილი უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“, – აღნიშნა კობახიძემ.